აზავრეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზავრეთი – ისტორიული სოფელია ჯავახეთში (ახალქალაქის რ-ნი), თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ადგილობრივ მცხოვრებთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფელს სახელი მიუღია ამ კუთხეში გავრცელებული საუკეთესო ჯიშის აზავერი ხარისაგან. მაშასადამე, ამ ვერსიის მიხედვით აზავრეთი ნიშნავს: „სოფელი, რომელიც განთქმული ყოფილა აზავერი ხარებით“. აზავერი, როგორც საუკეთესო ჯიშის ტვირთმზიდი ხარი, ჯერ კიდევ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ არის მოხსენიებული:

„წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები გააზავრე...

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვითაც აზავერი არის „ვარი საკიდარი". ამავე მნიშვნელობით იცნობს აზავერ სიტყვას ვახტანგ VI: „აზავერი ასაკიდებელი ხარი არისო, – განმარტავს იგი.

ხალხური ცნობა სოფლის სახელწოდების აზავერი-საგან მომდინარეობის თაობაზე სპეციალისტების მიერ გაზიარებულია. ამის შესახებ პირველ მტკიცებას ივ. როსტომაშვილის ნაწერებში ვხვდებით. შემდეგ ეს მოსაზრება ერთგვარად განამტკიცეს გრ. ბერიძემ და ი. მაისურაძემ. სოფ. აზავრეთის სახელწოდების ამგვარი წარმოშობის ვერსიას მხარს უჭერენ გ. და ნ. გეხტმანები, გ. ზარდალიშვილი და ე. მესხი. აღნიშნული თვალსაზრისის სარწმუნოობის შესახებ ამ უკანასკნელ ხანს კვლავ მიუთითა ზ. ჭუმბურიძემ.

სიტყვა აზავერ-ი, აგრეთვე აზავა ოდნავ შეცვლილი მნიშვნელობით ცოცხლად არის დაცული ზემო იმერულსა და რაჭულ დიალექტებში. ზემო იმერულში აზავერი ზოგადად მაღალ, დიდ ადამიანს ნიშნავს: „შენი შვილი აზავერი კაცია...“

რაჭულში აზავერთან ახლოს მდგომი აზავა ფორმაა ცნობილი:

„აზავა ქალი იყო ბებიაჩემი, მაღალი და სრული“;
„აზავა კაცები იყვნენ ჩემი მამა-ბიძანი, დევებივით ვაშკაცები“
„აზავა ხარები ყავდენ ბაბუაჩემს“

აზავერ- სიტყვას როგორც ვხედავთ, დროთა განმავლობაში მნიშვნელობა ნაწილობრივ უცვლია და, საკიდარი ხარის გარდა, ფიზიკურად დიდი, ტანსრული ადამიანის აღნიშვნაც უკისრია. ამ მხრივ ძალზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადამიანის საკუთარ სახელად ნაზაურა ხშირად დასტურდება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში", რომელშიც XV-XVI საუკუნეების დროინდელ სამცხე-საათაბაგოს და ჯავახეთის დემოგრაფიულ-სოციალური ვითარება კარგად არის წარმოდგენილი.“ მაშასადამე შეგვიძლია დავუშვათ, რომ სოფლის სახელწოდება აზავრეთი მომდინარეობს არა საკიდარი ხარის სახელისაგან, არამედ ადამიანის საკუთარი (ან შერქმეული) სახელისაგან აზა(ვ)ურა, საიდანაც წარმომდგარა გვარი აზა(ვ)ურა-ს - შვილი – აზაურაშვილი. სოფ. აზავრეთის ადამიანის გვარ-სახელისაგან მომდინარეობის სარწმუნოობას, სხვათა შორის ტოპონიმში არსებული -ეთ სუფიქსიც მეტყველებს. საბოლოოდ აზავრეთი უნდა გავიაზროთ როგორც „აზაურაშვილების სოფელი“; „სოფელი, რომელშიც აზაურას შთამომავალთ უცხოვრიათ“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები