მტკვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე მტკვარი

მტკვარი – (თურქ. Kura, აზერ. Kür) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი სათავეს იღებს თურქეთში ყიზილგია -დუკის მთის ჩრდილო კალთების ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდობის წყაროებიდან, 2720 მ სიმაღლეზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

მდინარის საერთო სიგრძეა 1364 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობია 188000კმ2. საქართველოს ტერიტორიაზე მდინარის სიგრძე შეადგენს 360კმ-ს, ხოლო წყალშემკრები აუზის ფარ თობი 26 200კმ2-ს. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მდინარეს კვებავს თოვლის ნადნობი, წვიმისა და გრუნტის წყლები; გლაციალური ჩამონადენის წილი უმნიშვნელოა. წყლის დონის აწევის უდიდესი სიმაღლე აღინიშნება გაზაფხულზე, როცა ჩამონადენი შეადგენს წლიური რაოდენობის 53%-ს. ზაფხულის ჩამონადენი უდრის წლიური ჩამონადენის 25%-ს. მცირე წყლიანობა აღინიშნება შემოდგომასა და ზამთარში, როცა სეზონური ჩამონადენი შეადგენს წლიური ჩამონადენის 12%-ს და 10%-ს. ასეთი მოვლენების ცდომილება 100-დან 150 წლამდე მერყეობს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი დამკვირვებელი სადგურის მონაცემებია გამოყენებული. მყარი ჩამონატანის მოცულობა მდ. მტკვარში მჭიდროდაა დამოკიდებული ჩამონადენი წყლის მოცულობაზე. საშუალო დღეღამური ჩამონატანის რაოდენობა მერყეობს 470კგ/წმ და 32000კგ/წმ-ს შორის (სხვადასხვა ობსერვატორიის მიხედვით). მნიშვნელოვანია, აგრეთვე, წყლის სიმღვრივე, რომელიც, დამკვირვებელი სადგურების მიხედვით, მერყეობს 2700გ/მ3-120000გ/მ3 შორის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მტკვრის მარჯვენა შენაკადები: ფარავანი, ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, ძამა, ტანა, თეძამი, ალგეთი, ქცია-ხრამი, აღსთაფა, თოუზ-ჩაი, შამქორ­ჩაი, განჯა­ჩაი, ტერტერი, ხაჩინ­ჩაი, არაქსი;

მტკვრის მარცხენა შენაკადები: ფოცხოვი შენაკად ქვაბლიანით, ლიახვი, ქსანი, არაგვი, იორი და ალაზანი მინგეჩაურის წყალსაცავის მეშვეობით, თურიან­ჩაი, გოქჩაი


სახელწოდება

სახელწოდება მტკვრის წარმომავლობის შესახებ უამრავ ქართველ და არაქართველ სპეციალისტს გამოუთქვამს მოსაზრება. უმრავლესობა, ძველ ბერძენ ისტორიკოსთა, ძირითადად სტრაბონის, გამონათქვამს უჭერს მხარს. ამ ვარაუდის მიხედვით კუროს-ი თუ კოროს-ი პროვინციის სახელისაგან (კოლა) წარმომდგარა. სტრაბონი იმასაც აღნიშნავდა, მტკვრის სახელწოდება სპარსეთის ცნობილი მეფის კიროსის საკუთარ სახელს უკავშირდებაო. ზოგი იმდროინდელი ისტორიკოსი თვლიდა, კურ ზევსის ქალიშვილის სახელია და მტკვარი (კუროსი) სწორედ ამ სახელისაგან მომდინარეობსო.”

სპეციალისტთა შორის გამოჩდნენ არანაკლებ ფანტასტიკური თვალსაზრისების ავტორებიც. თანამედროვე აზერბაიჯანელი მკვლევარი ა. მახუნდოვი, მაგალითად, სახელწოდება მტკვარს ძველალბანურ კურ||ქჲურ- სიტყვასთან აკავშირებს, რაც ნიშნავს „წყალსატევი“, „წყალსაცავი“. მეორე აზერბაიჯანელი ტოპონიმიკოსი ქ. ალიევი კი თვლის, რომ მტკვარი ზოგადად „წყალს“, „მდინარეს“ აღნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი აზერბაიჯანული ეტიმოლოგია, რომლის მიხედვითაც ქჲურ-||კურ-ა თურმე ნიშნავს: „თავნება, დაუდგრომელი, ჭირვეული მდინარე“. რუსი ტოპონიმისტი ვ. ნიკონოვი მტკვარს რატომღაც ასე განმარტავს: „хорошая вода “. როგორც ჩანს სახელწოდება მტკვარს იგი მტკნარ- სიტყვასთან აიგივებს.

მეორე რუსი სპეციალისტი მ. ნ. მელხეევი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე წერს, მტკვარი სპარსული სიტყვაა და წყალს, მდინარეს ნიშნავსო. აქვე ის ქჲურ ფუძეს აზერბაიჯანული ენა კუთვნილებად მიიჩნევს და დაბეჯითებით აცხადებს, ასეთი სახელი მდინარეს კაპრიზული, დაუდგრომელი ხასიათის გამო შერქმევიაო.

კ. ჰანი, როგორც ცნობილია, ხშირად იყენებდა სხვადასხვა ქართულ და არაქართულ წყაროებში გაბნეულ ეტიმოლოგიებს, ვარაუდებს. ამ შემთხვევაშიც იგი მხარს უჭერს ვერსიას, რომლის მიხედვითაც Кура მდინარეს შეიძლება მართლაც სპარსეთის მეფის კიროსის პატივსაცემად შეერქვაო. იგი, რა თქმა უნდა, ანგარიშს არ უწევს იმ ფაქტს, რომ დიდ მდინარეებს მეფეთა სახელებს ჩვენში არასოდეს არქმევდნენ. აქვე კ. ჰანი საკუთარ თვალსაზრისსაც გვთავაზობს. მისი მიხედვით მტკვარი თურმე მთის წყალს („горная река“) ნიშნავს. როგორც ჩანს, სახელწოდება მტკვარი კ. ჰანს ქართულ-ლათინური სიტყვების ნაერთად ჰქონდა წარმოდგენილი: მტ-||მთ- იგივე მთა და ლათ. akva arva „მდინარე“. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იკითხავდა: мтквари – тквари – горная река?

ქართველ ფილოლოგ-ენათმეცნიერთაგან სახელწოდება მტკვრის წარმოშობის ახსნა პირველად, პ. კვიცარიძემ სცადა. მისი აზრით, მტკვარი „ზოგადი სახელია ყოვლის მტკნარათ, თქორვით, მიმდინარე წყლის ამრაკისა“ ეს თვალსაზრისი თანამედროვე ქართველ მკვლევართა შორის ერთგვარი მოწონებითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ზ. ჭუმბურიძე, მაგალითად, სარწმუნოდ მიიჩნევს სახელწოდება მტკვრის (რუს. კურა, თურქ. ქიურ) კოლას მთის მიხედვით წარმოქმნას, მაგრამ იგი ასევე უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ მტკვარი, საფიქრებელია, მდინარის, წყლის აღმნიშვნელი ზოგადი სახელი იყოს, ისეთი, როგორიცაა „თქორი“, აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს მკვლევარი შ. გოგატიშვილიც. არნ. ჩიქობავა მტკვარ- სიტყვის ამოსავალ ფორმად მ-დ-კორ- ფუძეს მიიჩნევს, რომელშიც მ ფონეტიკურ დანართად, ხოლო დ კლასის ნიშნად გაიაზრება: მ-დ-კუარი → მ-ტ-კუარ-ი (რეგრესული ასიმილაციის გზით). მაგრამ ამგვარი თვალსაზრისები, ვფიქრობთ, დამატებით არგუმენტაციას ითხოვს. კერძოდ, თუ კურ-||კორ- ძირი წარმოშობით პროვინციის სახელს (კოლა, კოლას მთები) უკავშირდება, მაშინ რატომ არ აისახა ეს ფაქტი ქართულ საისტორიო წყაროებში? რატომ არ შექმნა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰიდრონიმი კოლას წყალი, კოლას ხევი? მაშასადამე სახელწოდება მტკვარი სულ სხვაგვარი წარმოშობის ერთეულად უნდა ვცნოთ. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ფრიად საგულისხმო და ანგარიშგასაწევი მოსაზრება იმის შესახებ, რომ დიდ მდინარეებს თავიანთი სახელი უპირატესად ეძლევათ სათავეში, ზემო წელზე და არა შესართავთან; და რომ დიდ მდინარეებს სახელს აძლევს ის მოსახლეობა, რომელიც მის სათავეებში ყოფილა ისტორიულ ეპოქებში განფენილი. (ვ. გეორგიევი, ვ. ნიკონოვი…), ასეთი ხალხი კი იყო ზანურენოვანი მოსახლეობა (მეგრელ-ჭანები), რომელთაც ისტორიულ ეპოქაში კოლხეთის დაბლობებს გარდა, ეჭირათ კოლა-შავშეთისა და ტაო-კლარჯეთის მთიანი ნაწილი, სწორედ ის რეგიონი, საიდანაც სათავეს იღებს ჩვენი დედამდინარე მტკვარი. ზანური მოსახლეობის აქ სხდომის ოდინდელ ფაქტს შესანიშნავად ადასტურებენ გეოგრაფიული სახელები: არტანუჯი, ოპიზა, ტოპადა, ორჯოხი და სხვ. რომლებიც აშკარად მეგრულენოვანი ერთეულები არიან.

საფიქრებელია, რომ მტკვარს ზანური მტკორ-ი||მტკურ-ი შეერქვა სწორედ იმის გამო, რომ იგი ველურ, უსიერ ტყეში მიმდინარე წყალი იყო და „გარეული“, „ველური“ მდინარის თვისებები ჰქონდა.

ჰიდრონიმი მტკვარი ზანური მტკორი||მტკური სიტყვისაგან წარმომდგარა. იგი ნიშნავს: „ტყის მდინარე“, „გარეული, ველური წყალი“. თავკიდური მტ- სეგმენტის ჩამოცილების შემდეგ მიგვიღია კურ, კორ- სიტყვა, რომელიც საფუძვლად დასდებია მდინარის არაქართულ, მათ შორის რუსულ (кура) სახელწოდებასაც.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები