მდივანბეგი
მდივანბეგი - (არაბ-სპარს. dīvānbegī - მსაჯულთუხუცესი) სეფიანთა ირანში მსაჯულთუხუცესი, სახელმწიფო საბჭოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე. ირანში მ-ის თანამდებობას არაიშვიათად ქართველებიც იკავებდნენ. მაგ., სრულიად ერანის მდივანბეგი შაჰყულ-ხანი (იგივე ლევან ბატონიშვილი, შაჰნავაზის ძე, ქართლის ჯანიშინი) ამ თანამდებობით მოიხსენიება 1703-1710 წწ-ში შედგენილ რამდენიმე საბუთში. 1720-იანი წწ-ის საბუთებში ასევე სრულიად ერანის გამგებლად და მ-ად იხსენიება ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის ბატონიშვილი კონსტანტინე (მაჰმადყული). საქართველოში მ-ობის შემოღების დრო ზუსტად გარკვეული არ არის. მკვლევართა ნაწილი ასეთ დროდ XV ს-ის მეორე ნახევარს მიიჩნევს, სხვები - XVI ს-ს, ზოგი მკვლევარი - სვიმონ I-ის ირანის ტყვეობიდან დაბრუნების წელს (1578).
ქართულ სამეფოებში მ. წარმოადგენდა მეფის სასამართლოს. სამართალწარმოების დროს იგი ემყარებოდა სამეფო ხელისუფლებას და სამოხელეო შტატს. მ-ს ექვემდებარებოდნენ აღმასრულებელი და საგამოძიებო უფლებების მქონე მოხელეები და წესადათების მცოდნე პირები: მსაჯულები (ბჭეები), იასაულები, ბოქაულები, მდივნები, ხევისთავები, მეთემეები. მ-ის თანამდებობაში, ივ. სურგულაძის შეფასებით, ყველაზე მეტად იყო გამოხატული მეფის ხელისუფლების საჯარო-უფლებრივი საწყისი. მ-ის სასამართლოს ემორჩილებოდა სახელმწიფოს ყველა ქვეშევრმდომი, მიუხედავად მათი სოციალური რანგისა და სტატუსისა.
მ-ს ხელი მიუწვდებოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის საქმეებზე. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ მიხედვით, მ-ის კომპეტენციაში შედიოდა განსაკუთრებული სიმძიმის სასამართლო საქმეები: მკვლელობა, დაჭრა, ღალატი, სალაროსა და ეკლესიის ძარცვა; მ. განიხილავდა აგრეთვე სამოქალაქო საქმეებს - სამამულო დავებსა და საოჯახო გაყრებს. „დასტურლამალში“ ხაზგასმულია, რომ მ-ის უშუალო მონაწილეობით უნდა გაერჩიათ ელის ტომთა სასისხლო საქმეები. ადგილობრივ მოურავს მათი განხილვის უფლება ეძლეოდა მხოლოდ მ-ის არყოფნის შემთხვევაში.
XVII ს-ის ქართლში როსტომისა და გიორგი XI-ის დროს არსებობდა ორ-ორი მ., რომლებიც ქართლის უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას ეკუთნოდნენ (ორბელიშვილები, ჯავახიშვილები, არაგვის ერისთავები). XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ სახელმწიფო მმართველობაში გატარებული ცვლილებების შედეგად, გაიზარდა მ-თა რაოდენობა. თეიმურაზისა და ერეკლეს დროს ქართლსა და კახეთში ჩანს შვიდი მ., ხოლო XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან - ოცდარვა. ამასთან, ქართლში მ-თა რაოდენობა მეტი იყო, ვიდრე კახეთში.
სამეფო ხელისუფლებამ განსაზღვრა მ-თა სამართალმოქმედების არეალებიც. მ-ები „სამართლობდნენ“ თბილისში, გორში, თელავში, სიღნაღში, ხოლო „თათრების“ მ-ები - ყაზახში, შამშადილსა და ბორჩალოში. თბილისში ორი მ. აღასრულებდა სამართალს. „ქალაქის“ (თბილისის) მ. ჯერ კიდევ შაჰნავაზის დროს არის მოხსენიებული - 1676 წ-ის საბუთის მიხედვით, მეფემ ვახტანგ ორბელიშვილს ქალაქის მ-ობასთან ერთად უბოძა მართლმსაჯულების განხორციელების უფლება „ქართლისა, საბარათაშვილოსა, სომხითისა და თათრისა“. თბილისის მ., სხვა მ-ისაგან განსხვავებით, სახელმწიფო საბჭოს წევრიც იყო. დავით ბატონიშვილის მოწმობითაც, „თბილისის მ-ობა უმფროსი იყო“, თუმცა, ზოგადად, მ. არ იყო შეზღუდული ტერიტორიულად. საჭიროების შემთხვევაში, ყოველ მ-ს მიუწვდებოდა ხელი სხვა უბნების საქმეებზეც. ორი მ. განაგებდა სამართალს დედაქალაქში გიორგი XII-ის დროსაც, რასაც ადასტურებს ი. ჩოლოყაშვილისა და ნ. ციციშვილის მოხსენებები მთავარმართებელ ციციანოვისადმი.
1778 წ. ერეკლე II-ის ინიციატივით, ჩამოყალიბდა ერთგვარი სასამართლო კოლეგია - „მსაჯულთ (მდივანბეგთა) შეკრებულობა“, სადაც ყოველი არზა და საჩივარი შედიოდა. ამასთან, თავად მეფეს კავშირი არ გაუწყვეტია სამართალწარმოებასთან. სეხნია ჩხეიძის მოწმობით, სეფიანთა ირანში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მსგავსად, ქართლ-კახეთის სამეფოს მ-ები დივანში/სამდივნო სახლში კვირის ოთხ დღეს „სამართლობდნენ“, დანარჩენ ორ დღეს კი (ოთხშაბათსა და პარასკევს) მეფე (ერეკლე) „დაჯდის სამდივნოსა სახლსა, განაგებდა სამართალსა“. სხვა სასამართლო ინსტანცია, გარდა „მსაჯულთ შეკრებილობისა“, არ არსებობდა. მიღებული განაჩენი, როგორც გამონაკლისი, შეეძლო განეხილა მხოლოდ მეფეს, როგორც უმაღლეს მსაჯულს.
იმერეთის სამეფოს სასამართლო ორგანიზაციაშიც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს, ასევე, მეფის მ-თა სასამართლო წარმოადგენდა. მ-ები აქ XVII ს-ის 60-იანი წლებიდან, იმერთა მეფის ბაგრატ IV-ის დროიდან ჩნდებიან. 1669 წ. ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის მეფე ალექსანდრე მიხეილის ძისადმი მიწერილ თხოვნაში სამი მ. (ბეჟანი, ხუცია და პაატა) მოიხსენიება. XVIII ს-ის მეორე ნახევარში, საბუთების მიხედვით, მ-ად ჩანან სხვადასხვა სათავადო სახლების წარმომადგენლები (იაშვილი, რაჭის ერისთავი, ჩიჯავაძე, ჩხეიძე). მათ შორის გვხვდებიან მეფის წინაშე პირადი დამსახურების საფუძველზე დაწინაურებული პირებიც შედარებით დაბალი სოციალური (აზნაურული) წრიდან (კვინიხაძე, გუნცაძე, XVIII ს-ის 90-იან წლებში ერეკლე II-ის მსაჯული სოლომონ ლიონიძე).
მ-ობა მაღალშემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო. მ-ის სარგოს შესახებ დეტალური ცნობებია დაცული თავად ბეჟან არაგვის ერისთავის მიერ მთავარმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში. მ-ს სარგო, ულუფა და ჯამაგირი მეფისაგან ჰქონდა დამტკიცებული. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის დროს მ-ებს წლიურად დაწესებული ჰქონიათ: ოცდაათი თუმანი თეთრი, თორმეტი ხარვარი პური (ანუ ცხრა თუმანი და ექვსი მინალთუნი), ექვსი საპალნე ღვინო, სამოცი ცხვარი; გარდა ამისა, ჰქონიათ სხვა შემოსავლებიც მეფისაგან და სხვა წყაროებიდან.
სარჩევი |
მდივანბეგები. XVII-XVIII სს.
ქართლი
ხერხეულიძე ბეჟან - მ. 1620-1624 წწ. (პალ 2015: 378; ენუქიძე 1971: 303). ბარათაშვილ-ორბელიშვილი ყაფლან - მ. 1634-1643 წწ., სახლთუხუცესი 1646-1658 წწ. (ენუქიძე 1971: 303; ქსოის 1984: 30). ჯავახიშვილი როინ - ბოქაულთუხუცესი 1638-1656 წწ.; მ. 1638-1669 წწ. (ქსის 1955: 242; ქსოის 1984: 30; პალ 2015: 457-59). ერისთვისშვილი ედიშერ - მ. 1661-1682 წწ. (პალ 1991: 145-146). ჯამასპ - მ. დაახლ.1670-იანი წწ. (პალ 2015: 471). ორბელიშვილი ვახტანგ/ორბელ - მდივანბეგ ყაფლან ორბელიშვილის ძე, მ. 1676-1685 წწ. (პალ 1991: 413-415; ქსის 1955: 322, 323, 327, 330). ერისთვისშვილი ბარძიმ - მ. 1688-1692 წწ. (პალ 1991: 140-141, 152-153; ქსის 1955: 340; ვახუშტი 1973: 465). ერისთვისშვილი პაატა - მ. 1695-1697 წწ. (ენუქიძე 1971: 306). ავთანდილ - მ. 1690-იანი წწ-ის მიწურული - 1717 წწ. (ხეც, Ad-240; ენუქიძე 1971: 308). ორბელიშვილი ერასტი - მ. 1704-1731 წწ., სომხით-საბარათიანოს სარდალი 1724-1730 წწ., ოსმალთა ბატონობის დროს ამავე ტერიტორიის გამგებელი და ქალაქის მოურავი 1724-1731 წწ. (ხეც, Ad-476; სეა, 1450-22/94; ენუქიძე 1971: 307). ერისთვისშვილი სარიდან - მ. 1765 წ. (ხეც: Hd-8574, Hd-8586; მსეი 1953: 15). ორბელიანი ქაიხოსრო - სომხით-საბარათიანოს სარდალი და მ. 1735-1742 წწ. (ხეც, Hd-3816; სეა: 1448, -3908; 1448-2924; დსსი 1940: 266-267; სმსფჰ 1949: 68; ქსძ 1970: 742-746). ორბელიანი პაპუა - მ. 1743-1749 წწ. (ენუქიძე 1971: 309). ორბელიანი იოანე - მ. 1749-1752, 1765-1782 წწ. (ენუქიძე 1971: 309-310). ორბელიანი რევაზ - ქაიხოსროს ძე, მ. 1757 წ. (ენუქიძე 1971: 311). თუმანიშვილი გორჯასპ - მ. 1762 წ. (ხეც, .Hd-148). ციციშვილი ფარსადან - მ. 1763-1771 წწ. (ხეც, Hd-148; Qd-8586, Qd-531). ერისთვისშვილი სარიდან - მ. 1765-1671 წწ. (ხეც, Hd-18). ერისთვისშვილი ბეჟან - მ. 1765-1800 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 318). ამილახვრიშვილი იესე - მ. 1767-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 315-316). ციციშვილი თეიმურაზ - მ. 1771-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 314). ბარათაშვილი იესე - მ. 1777-1786 წწ. (ენუქიძე 1971: 316). ორბელიანი მზეჭაბუკ - მ. 1777-1791 წწ. (ენუქიძე 1971: 317). ბარათაშვილ-საამისშვილი ზაალ - 1780-იანი წწ. მ., ყორიასაულბაში; არტილერიის პოლკოვნიკი; ლაშქარნავისი; მდივანი (მესხია 1948: 53-54). აბაშიძე ნიკოლოზ - მ., დიღმის მოურავი 1782-1793 წწ. (ენუქიძე 1971: 317). ხერხეულიძე ომან - მ. XVIII ს-ის მიწურული. ერეკლე II-მ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად წარგზავნა ქერიმ-ხან ზენდთან (მესხია 1948: 20-24; ომან ხერხეულიძე 1989: 65).
კახეთი. XVIII ს.
ჯანდიერიშვილი პაატა - მ. 1703-1724 წწ. (ენუქიძე 1971: 306; ქსის 1955: 386; ქსოის 1984: 36. დიმიტრი - მ. 1705 წ. (ენუქიძე 1971: 308). ენდრონიკაშვილი რევაზ - მ. 1763-1773 წწ. (ხეც. Qd-8586; ენუქიძე 1971: 312). ენდრონიკაშვილი ქაიხოსრო - მ. 1765-1697 წწ. (ხეც, Hd-8574, 8586; ენუქიძე 1971: 313). ჯანდიერიშვილი ზაალ - მ. 1766-1771 წწ. (ენუქიძე 1971: 314). ვარჯან - მ. 1785-1796 წწ. (ენუქიძე 1971: 320). ჩოლოყაშვილი დავით - მ. 1795-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322). ბარათაშვილი ზაალ - მ. 1796-1803 წწ. (ენუქიძე 1971: 322). ჩოლოყაშვილი იოანე - მ. 1797-1800 წწ. (ენუქიძე 1971: 322). ენდრონიკაშვილი ადამ - მ. 1798-1801 წწ. (ენუქიძე 1971: 323). ციციშვილი ნიკოლაოზ - მ. 1798-1803 წწ. (მესხია 1948: 49, 56).
იმერეთი. XVIII-XIX ს-ის დასაწყისი
იაშვილი ლევან - მეღვინეთუხუცესი 1720 წ., მ. 1749 წ. (სოსელია 1973: 127). მიქელაძე დავით - მ. 1798 წ. (სოსელია 1973: 66). ჩიჯავაძე ვახუშტი - მ. 1798-1801 წ. (სოსელია 1981: 24). წულუკიძე ბეჟან - მოურავი 1782-1798 წწ., მ. 1799 წ. (სოსელია 1973: 73). ლიონიძე სოლომონ - მ. 1802-1810 წწ. (ენუქიძე 1971: 321).
წყაროები და ლიტერატურა
Taḏkerat al-molūk: 44, 56; Savory: 355; დასტურლამალი 1965: 267-269; ხეც: Hd-9693, Hd-2955, Hd-13160; Hd-2948, Sd-536; სეა, 1448-552; 1448-9007; ქსიემ ს.№280; ქსის 1955: 74, 406, 424, 430; ენუქიძე 1971: 301; Царевич Давид 1813, №545; გაბაშვილი 1942: 71, 179, 181, 185; მესხია 1948: 030; სურგულაძე 1952: 303, 318-319, 361; კეკელია 1970: 143-149; კეკელია 1981: 14-21.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017