მდივანი
მდივანი - (არაბ. dīvān - კანცელარია, უმაღლესი სახელისუფლო ორგანო; სამეფო კანცელარია, სახელმწიფო საბჭო, სასამართლო დაწესებულება). სამოხელეო ტერმინი მ. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში XV ს-დან ჩნდება. ამავე ფუძიდანაა ნაწარმოები მდივანბეგი (იხ.) და მ., რომელმაც XV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, თანდათანობით დაიკავა უფრო ადრინდელი მწიგნობრის (იხ.) ადგილი, თუმცა, მწიგნობარიც არ გამოსულა ხმარებიდან. საბუთებში ხშირია დაწყვილებული ფორმაც - მდივან-მწიგნობარი. სულხან-საბა ორბელიანი მ-ს „უსტართა მწერალს“ უწოდებს; უფრო საფუძვლიანად განმარტავს მ-თა საქმიანობას ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც მათ სხვადასხვა დანიშნულებისა და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმის სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტების შემდგენლებად მიიჩნევს. მ-ობა კანონმდებლობისა და საკანცელარიო საქმის კარგ ცოდნას მოითხოვდა, რის გამოც იგი მთელ რიგ საგვარეულოთა მემკვიდრეობით პროფესიად იყო ქცეული. სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტების შედგენის წესის გარდა, მ-ს მოეთხოვებოდა კარგი ხელწერა, რამაც ხელი შეუწყო მდივანმწიგნობრული კალიგრაფიული სკოლების ჩამოყალიბებას.
მ. სამდივნოს ცენტრალური ფიგურა იყო და იგი სახლთუხუცესის (იხ.) უწყებას ეკუთვნოდა. XV-XVII სს-ის ქართველ მეფეთა სამდივნოებში ერთდროულად რამდენიმე მ. საქმიანობდა. XVIII ს-ში, ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში, გიულდენშტედტის მოწმობით, ერთდროულად ექვსი მ. ყოფილა. მათი რიცხვი თითქმის გაორმაგებულა ერეკლე II-ის მიერ მმართველობის დარგობრივი დაყოფის შედეგად, რამდენადაც მ-თა საჭიროებას ყველა უწყება განიცდიდა.
მ-ები მმართველობის ყველა სფეროს ემსახურებოდნენ, მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო ყმა-მამულის ბოძება, ბრძანება-განკარგულებათა გაცემა, სასამართლო ოქმებისა და განჩინებების ჩაწერა, ფისკალური დოკუმენტების, ხალხის აღწერის დავთრებისა თუ დიპლომატიური წერილების შედგენა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მ. სარგოს ყველა იმ წყაროებიდან იღებდა, საიდანაც სახლთუხუცესი.
==ლიტერატურა== გაბაშვილი 1943: 173; მესხია 1948: 56-57; სურგულაძე 1952: 229-239.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017