მელიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:28, 13 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელიქი - (არაბ. mãlik - მეფე, ხელმწიფე, მმართველი) მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში.

კავკასიაში მელიქის ინსტიტუტმა თავდაპირველად ფეხი მოიკიდა დღევანდელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე სამელიქო ოლქი არსებობდა. ამ ოლქებში მელიქთა ძალაუფლება ირანის შაჰის მიერ მათთვის მინიჭებულ უფლებებს ემყარებოდა. საქართველოში სამელიქო ოლქად იქცა ქვემო ქართლის ნაწილი - ლორე და დებედას ხეობა, რომელიც შაჰ-აბასმა ქართლს ჩამოაჭრა (1601), ხოლო მის მმართველად ადგილობრივი გამაჰმადიანებული აზნაურთაგანი დანიშნა, რომელთა შთამომავლებმა შემდგომში მელიქიშვილების სათავადო სახლს დაუდეს საფუძველი.

რაც შეეხება მელიქს, როგორც ქალაქების სამოხელეო სისტემის რგოლს, იგი ქართლის ქალაქებში XVI ს-ის შუა ხანებში ჩნდება (პირველად იხსენიება 1552 წ-ის საბუთში) იმ პერიოდში, როდესაც თბილისი ყიზილბაშებს ეპყრათ. თავდაპირველად მელიქები ირანის შაჰის რეზიდენტის ფუნქციას ასრულებდნენ ეკონომიკის საკითხებში. მელიქის უმთავრესი ფუნქცია იყო სავაჭრო საქონელზე ნიხრის დაწესებაში მონაწილეობა (რაც მას ქართლის სამეფოს ეკონომიკურ სიტუაციაში ჩარევის საშუალებას აძლევდა) და, ზოგადად, ფასების რეგულაცია, ქალაქის მკვიდრთა შორის დადებული გარიგებების დამოწმება, მონაწილეობის მიღება მსუბუქი სამოქალაქო დავების გარჩევაში და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში კი, ევალებოდა ინფორმაციის მიწოდება ირანის შაჰისათვის. მელიქის სამოხელეო ფუნქციები არსებითად ემთხვეოდა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მამასახლისების ფუნქციებს.

როგორც ჩანს, მელიქის შემთხვევაშიც ისეთივე პროცესი განვითარდა, როგორიც სხვა ინსტიტუტების შემთხვევაში - ირანიდან შემოსული სამოხელეო ინსტიტუტები მანამდე არსებული ქართული ინსტიტუტის პარალელურად მკვიდრდებოდა და თანდათან მას ერწყმოდა. სხვადასხვა სახელწოდების, მაგრამ, ფაქტობრივ, ერთი და იმავე დანიშნულების ეს ორი სამოხელეო ინსტიტუტი (მამასახლისისა და მელიქის) ერთი და იმავე პირების, უპირატესად მელიქის ხელში ერთიანდებოდა, რამაც გამოიწვია გაორმაგებული ტერმინის, მელიქ-მამასახლისის წარმოქმნა. თბილისის უკანასკნელი მელიქის დარჩია ბებუთაშვილის გადმოცემით, „მამასახლისობა ქართველთ მეფეთაგან არის დაწესებული... და რაც სარგებლობა ტფილისის მელიქსა აქვს, აგრეთვე, ეგოდენი სარგებლობა ტფილისის მამასახლისსა აქვს, დ აგრეთვე, თანამდებობაცა. როდესაც უწინ მელიქი სხვა ყოფილა და მამასახლისი სხვა“. ქალაქის მელიქი მეფის მიერ დანიშნულ ქალაქის თავს, ანუ მოურავს ექვემდებარებოდა.

მელიქებდ ინიშნებოდნენ ვაჭარ-ხელოსანთა წრეებიდან გამოსული პირები, რომლებიც კონფესიურად, რიგ შემთხვევებში, გრიგორიანულ სარწმუნოებას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა, მათ თანაბრად ეკითხებოდა სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოებისა და კონფესიის წარმომადგენელთა საქმეები. მელიქის თანამდებობაზე ერთდროულად შეიძლებოდა ორი და ზოგჯერ სამი პირი ყოფილიყო დანიშნული. გარდა მამასახლისისა, მელიქის სახელო შეიძლებოდა მიეღო ქალაქის ნაცვალს, ზარაფთუხუცესს და ა.შ.;

მელიქის თანამდებობაზე თბილისში რამდენიმე საგვარეულო ენაცვლებოდა ერთმანეთს: მირიმანიძე /მირიმანაშვილები, ივანგულაშვილები, შერგილაშვილები, ბეჰბუთაშვილები. ეს უკანასკნელები დიდ მემამულეებად გადაიქცნენ და 1783 წ. თვადობაც მიიღეს. თბილისის გარდა, მელიქები იყვნენ გორშიც, სადაც XVI ს-ის მეორე ნახევარში სამეფო რეზიდენცია იყო გადატანილი; ამასთანავე, გორის მ-ის მნიშვნელობას ზრდიდა ქალაქის სახელოსნო და სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქციები. გორის მელიქის თანამდებობა XVIII ს-ის 80-იანი წლებში გაუქმდა, მისი ადგილი კვლავ მამასახლისმა დაიბრუნა.


წყაროები და ლიტერატურა

მესხია 1948: 95; ქისკ 2016: 332, 333, 428, 315, 353, 381; ბოშიშვილი 2013: 12-23, 53-58.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები