არღუნი
არღუნი – სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.
სახელწოდება
ადგილობრივებში ძალზე პოპულარულია ხალხური გადმოცემა იმის თაობაზე, რომ თითქოს სოფელს ეს სახელწოდება რომელიღაც დამპყრობი სარდლის სამიჯნურო-სასიყვარულო თავგადასავლის მიხედვით შერქმეოდეს. „არღუნი ყოფილა თათრის ბელადი. იმას აუღია და დაუჭერია მთელი არაგვის ხეობა, ეგრე კიდევ დუშეთი და მთელი ეს შეყოლება სოფლები. იმას მოსწონებია ერთი გოგო, უნდა რო ცოლად შეირთოს. მითხარი, რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებო, – ეუბნება თურმე თათრის ბელადი. ამ გოგოს კიდევ: – რა მინდა და დაგვეხსენო, აიყარე და წადი შენ ქვეყანაშიო. – მე აქედან მაშინ წავალ, შენ თუ ჩემი ცოლი გახდებიო. – თათრის ცოლობას სიკვდილი მირჩევნიაო, – უთქვამს თურმე ამ გოგოს და, პატარა ტბა არი, იქით გაქცეულა. მისულა ტბასთან და ეხვეწება: ღმერთო, პირი შეუკარი, რო ურჯულოს ხელში არ ჩაუვარდე, არც მკვდარი, არც ცოცხალიო. გადავარდნილა და ტბასაც პირი შეუკრამს, გაწამებულა, აღარ იძვრის. მისულა თათრის ბელადი, დამჯდარა ტბის პირას და ელოდება, იქნება წყალმა გვამი ამოაგდოსო. რო აღარა და აღარ გახსნა ამ ტბამ პირი, ამდგარა ეს ბელადი, გამწარებულს ცხენისათვის ხმლით თავი წაუგდებინებია და ტბისთვის გაუტანებია. ხალხში ეხლაც არი თქმულობა, რო ის ქალი და ცხენი, რა ვიცი, როდის, როდის, ბაზალეთის ტბაში ამოუტანია, ეგ ორი ტბა თურმე ძირებით ერთიმეორეში გადის. იმის მერე ხალხს სოფლისათვის თათრის ბელადის სახელი დაურქმევია, რაკი ამ არღუნს ეს გოგო ძალიანა ჰყვარებია“ (ალექსი ჩოხელი, ქ.დუშეთი).
ტოპონიმ არღუნის მეცნიერულად სანდო ეტიმოლოგია დღესდღეობით არ მოგვეპოვება. მართალია, ზოგიერთი მკვლევარი მის წარმოშობას ხევსურეთის ცნობილი მდინარის არგუნის სახელწოდებასთან აკავშირებს (რ.თოფჩიშვილი), მაგრამ სათანადო არგუმენტების გარეშე მოწოდებულმა ვარაუდმა, ბუნებრივია სპეციალისტთა მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. არსებითი აქ ისაა, რომ არგუნი ვაინახური ჩაჩნურ-ინგუშური) ენობრივი ფაქტი უნდა იყოს, სოფელი არღუნი კი სრულიად სხვაგვარი გზით ჩანს მიღებული. არღუნი, როგორც დასახლებული პუნქტი, გვიანფეოდალურ ხანაშია წარმოქმნილი; ძველი საისტორიო ხანის ძეგლები მას არ იცნობენ. ვფიქრობთ, იგი XVIII ს-ის II ნახევრამდე არც უნდა არსებულიყო. სახელწოდება არღუნი შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ არეალში საცხოვრებლად მოსული ოსი მოსახლეობის საკულტო-რელიგიურ ყოფასთან. ერთობ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოსეთის ტოპონიმიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება მიკროტოპონიმები (სახნავ-სათეს ადგილთა სახელები), რომელთაც არღუანი ზახ ეწოდება და რომელიც ქართულ ენაზე ნიშნავს: „ხატის მიწა“, „ეკლესია-მონასტრის კუთვნილი ადგილი“, „ადგილი, რომელიც მღვდელს ან ეკლესიის სხვა რომელიმე მსახურს უკავია“. ამრიგად არღუნი რელიგიურ-საკულტო შინაარსის შემცველი სახელი უნდა იყოს. იგი ნიშნავს: „ხატის მიწები“.