მოურავი
მოურავი - ადგილობრივი ადმინისტრაციული აპარატის მთავარი მოხელე შუა საუკუნეების საქართველოში. თავდაპირველად, მისი ფუნქციები სამეურნეო სფეროს შეეხებოდა (მამულისა და მეურნეობის გამგებლობა), გვიანფეოდალურ საქართველოში კი, ადმინისტრაციული, სამხედრო და სასამართლო ფუნქციებიც შეითავსა.
მოურავის თანამდებობა საქართველოს ერთიანობის ხანის წყაროებშიც („ხელმწიფის კარის გარიგება“) მოიხსენიება, მაგრამ აქ იგი ცენტრალური აპარატის მოხელე ჩანს. მოგვიანოდ, XV ს-ში, მ., როგორც ქალაქის მმართველის აღმნიშვნელი ტერმინი, ენაცვლება ამირას და ამირათ-ამირას. აღმოსავლეთ საქართველოში მოურავის პარალელურად XVI-XVIII სს-ში იხმარება ირანის გზით შემოსული მონღოლური ტერმინი „ტარუღა“, რომელიც ირანში მოურავის შესაბამის სამოხელეო ინსტიტუტს ეწოდებოდა. მოურავის სახელო სამემკვიდრეო მფლობელობის ისეთივე წყალობის ობიექტი იყო, როგორიც მამული და ყმები.
მოურავი ერქვა, უპირველესად, ქალაქების გამგებლებს, ამასთანავე, ქალაქის მოურავთა უფლებები იმ ქალაქის მნიშვნელობით განისაზღვრებოდა, რომელსაც იგი განაგებდა. მაგრამ, გარდა ქალაქებისა, მოურავი ეწოდებოდა ვრცელი სამეფო მამულების, ცალკეული სოფლების, XVII ს-დან კი ელებით დასახლებული ტერიტორიების (ისტორიული სომხითი - ქვემო ქართლი, ალგეთისა და დმანისის ხეობები, თრიალეთი, ტაშირი; ყარაიის ველი) სამეურნეო-ადმინისტრაციულ გამგებლებსაც. ამ უკანასკნელთა ვალდებულებებს და სამართლებრივ ჩარჩოებს XVIII ს-ში არეგულირებდა ე.წ. „ელის დებულება“ (დასტურლამა), რომლის დაცვა-შესრულებას ელების მოურავები ხელმძღვანელობდნენ.
მოურავთა შორის განსაკუთრებული პოლიტიკური წონა ჰქონდა თბილისის („ქალაქის“) მოურავს. XVII ს-დან თბილისის მოურავი ქართლის მეფის (ირანის ვალის) მიერ ინიშნებოდა და დიდი გავლენა ჰქონდა სასახლის კარზე. XVII ს-ის დასაწყისში თბილისის მოურავი იყო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე გიორგი სააკაძე; მის შემდგომ ამ თანამდებობაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ბარათაშვილები, მუხრანბატონები, ციციშვილები, ყაფლანიშვილ-ორბელიშვილები, გიორგი სააკაძის შთამომავალი თარხნიშვილები და სხვ. ქართლში ერეკლე I-ის მეფობის დროს თბილისის მოურავის თანამდებობაზე კახელი თავადებიც ჩანან (ჩოლაყაშვილები). „ქალაქის“ მოურავები ერთდროულად შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სარდლები, ბოქაულთუხუცესები, მერიქიფეები და სხვ.
მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო გორის მოურავობა (დაარსდა XII ს-ის დასაწყისში), რომელიც XV ს-იდან მემკვიდრეობით ეკავათ ზევდგინისძე-ამილახვრებს. XVII ს-ში როსტომ მეფის მიერ შედგენილი გორის მოურავის განაწესი - „დასტურლამა“- შემდგომში ერეკლე I-მა განაახლა. გორის მოურავი ამილახვრები, ტრადიციულად, შიდა ქართლის სადროშოს სარდლები იყვნენ.
მოურავის ვალდებულებების, სარგოსა და შემოსავლების შესახებ დეტალურადაა საუბარი ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“. ქალაქების მოურავთა ახალი წეს-განგებები შემუშავდა XVIII ს-ის 90-იან წლებშიც, ერეკლე II-ის დროს.
მოურავობა უაღრესად ფართო უფლებების მომცველი და, ამავე დროს, დიდად შემოსავლიანი თანამდებობა იყო. მოურავი იყო ქალაქის ადმინისტრაციული უწყების ხელმძღვანელიც, საქალაქო მეურნეობის მმართველიცა და ზედამხედველიც. ქალაქის მოურავს ემორჩილებოდნენ მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ასასი.
მოურავის კომპეტენციაში შედიოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მეფისა და ცენტრალური ორგანოების განკარგულებების აღსრულება, ასევე, სამოქალაქო სამართლის (ძირითადად, ვალდებულებითი და სანივთო სამართლის) საქმეების გარჩევა, როგორიც იყო დავები მიწის საზღვრებზე, მამულზე, ვალზე, უთანხმოებაზე, ზარალის ანაზღაურებაზე და სხვ.; მასვე ევალებოდა მეთვალყურეობა პროდუქტების ფასებზე, წონისა და სხვა საზომების სიზუსტეზე. მოურავის სასამართლო იურისდიქციის ფარგლები ტერიტორიულობის პრინციპით იყო შემოსაზღვრული. ამ ფუნქციას, ძირითადად, მეფის სახასო მამულებისა და თბილისის მოურავები ასრულებდნენ. ამ უკანასკნელის ფუნქციები განსაკუთრებით გაფართოვდა 1784 წ-დან და გავრცელდა ქალაქის ყველა მცხოვრებზე.
მოურავის შემოსავლის ძირითადი წყარო გადასახადები იყო. „დასტურლამალში“ ჩამოთვლილია 15 გადასახადი, რომლებიც მოსახლეობას მოურავის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა: ნატურით გადასახადი (ხორბალი, ქერი, ღვინო/კულუხი/, ცხვრისა და ბატკნის გადასახადი); სადღესასწაულო გადასახადები (სააღდგომო, საშობაო, საყველიერო), სამასპინძლო; ბეგარა - ფიზიკური მუშაობა, გამწევი ძალა; ფულადი გადასახადი; დაწესებული იყო ზოგიერთი ადგილობრივი გადასახადიც (თივა, სანთელი, ნესვი და სხვ.).
განსხვავებული შინაარსი და მნიშვნელობა ჰქონდა მოურავის თანამდებობას კახეთში. კახეთის დამოუკიდებელი სამეფოს პირველმა მეფემ გიორგი VIII-მ (1446-1476) საერისთავოების სანაცვლოდ შექმნა ახალი სამხედრო-ადმინისტრაციული ოლქები (ელისენი, ქიზიყი, თუშეთი, ერწო-თიანეთი), რომლებსაც სათავეში მოურავები ჩაუყენა. XV ს-დან მოყოლებული, მოურავის ინსტიტუტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობილების განმტკიცების საქმეში. კახეთში მოურავი შეიძლებოდა რქმეოდა ქალაქის ბაზრის გამგებელსაც, მაგ., თელავის ბაზრისას და არა მთლიანად თელავისას, რადგან თვითონ ქალაქი ქიზიყის სამოურავოს ექვემდებარებოდა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში ერეკლე II შეეცადა მმართველობის ადგილობრივი ორგანოები სამოურავოების ერთიან სისტემაზე გადაეყვანა. დავით ბატონიშვილის ცნობით, მოურავი სახელმწიფოს „შინაგანი“ მმართველობის მოხელე იყო, რომელსაც მეფე ნიშნავდა ქართველი თავადებისა და აზნაურებისაგან. ამ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის ძირითადი მოხელე მოურავი გახდა და მათი რაოდენობა ქართლსა და კახეთში ოცდათვრამეტმდე ავიდა.
სარჩევი |
მოურავები. XVII-XVIII სს.
თბილისის მოურავები
- სააკაძე გიორგი
- ბარათაშვილი ქაიხოსრო
- მანუჩარ
- პაატა/პაატაბეგ
- ჩოლაყაშვილი ფირან - ქალაქის მ. 1694-1700 წწ. (პალ 201: 227).
- თარხნიშვილი გიორგი - ქალაქის მ. 1700-იანი წწ. (ქსოის 1984: 33).
- [თარხნიშვილი] ავთანდილ - ქალაქის მ. 1710-1723 წწ. (ქსის 1955: 424; სეა, 1450-24/39).
- ორბელიშვილი ერასტი - ქალაქის მ.; მდივანბეგი. 1727 წ.(სეა, 1450-48/61).
- ამილახვარი გივი
- ევსტათი
გორის მოურავები
- ზედგენიძე ავთანდილ (I) - გორის მ. და ეზოს ჩუხჩარეხი - 1425-1430 წწ. (ქისკ 2013: 139, 155, 165).
- ზევდგინისძე ზევდგინ - ეზოს ჩუხჩარეხი და გორის მ. 1453 წ. (ქისკ 2014: 67).
- ჯავახიშვილი გამრეკელ - გორის მ. 1454 წ.; ატენის მ. [1466-1478] წწ. (ქისკ 2014: 83, 173, 174).
- ამილახორი ბარძიმ
- ამილახვარი გივი (I)
- ამილახორი იოთამ (II) ანდუყაფარის ძე
- ამილახორი ავთანდილ (II)
- ამილახორი გივი (II)
- ამილახვარი იოთამ (I) ფარემუზის ძე
- ამილახვარი ოთარ
კახეთის მოურავები
- ჩოლაყაშვილი მამუკა - თუშთ მ. 1688]-1694 წწ. (პალ 2015: 222).
- ჩოლაყაშვილი ჯიმშერ - თუშთ მ. 1743 წ. (Ad-1421; კაკაბაძე 1913: 61-62).
- ჩოლაყაშვილი ზაალ - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1566 წ. (პალ 2015: 221).
- ჩოლაყაშვილი გოშფარ - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1568-1593 წწ. (პალ 2015: 220).
- ჩოლაყაშვილი შანშე - ჭიაურთ/თიანეთის მ. 1526-1656 წწ. (პალ 2015: 228).
- ჩოლაყაშვილი გარსევან - თიანეთის მ. 1688-1703 წწ. (პალ 2015: 219).
- ჩოლაყაშვილი გივი - თიანეთის მ. 1735-1739 წწ. (ხეც: Ad-221, Ad-714ა).
- ჩოლაყაშვილი ომან - თიანეთის მ. 1741 წ. (ხეც, Hd-2941, სეა, 1449-442).
- ანდრონიკაშვილი თამაზ
- ანდრონიკაშვილი გიორგი - ქიზიყის მ. 1643 წ. (პალ 1991: 650).
- ანდრონიკაშვილი აბელ (I)
- ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მ. 1696-1700 წწ., ბოქაულთუხუცესი 1693-1695 წწ. (პალ 1991: 155).
- ანდრონიკაშვილი პაატა - ეშიკაღასბაში და ქიზიყის მ. 1700-1703 წწ. (პალ 1991: 155).
- ანდრონიკაშვილი აბელ (II)
- ანდრონიკაშვილი გიორგი - ეშიკაღასბაში და ქიზიყის მ. 1724 წ. (ქსის 1955: 434, 435; დსსი 400-401).
- ანდრონიკაშვილი თამაზ/თომა
- ანდრონიკაშვილი პაპუნა - ქიზიყის მ. 1759-1764 წწ.
- ანდრონიკაშვილი რევაზ
- ანდრონიკაშვილი ზაქარია
- ანდრონიკაშვილი რევაზ - ქიზიყის მ. მეფე ერეკლე II-ის მეფობის დასასრულსა და გიორგი XII-ის დროს (მესხია 1948: 88).
- ჯორჯაძე დავით - ენისელთ მ. 1577-[1605] წწ. (პალ 2015: 511).
- ჯორჯაძე მერაბ - ენისელთ მ. [1648-1654] წწ. (პალ 2015: 513).
- ჯორჯაძე დავით - ენისელთ მ. 1664-1669 წწ. (პალ 2015: 511-512).
- [ჯორჯაძე] სულხან - ენისელთ მ. 1669-[1694] წწ. (პალ 2015: 514).
- ჯორჯაძე მერაბ - ენისელთ მ. 1698 წ. (პალ 2015: 513).
- ჯორჯაძე ნოდარ
- ჯორჯაძე მერაბ „კახელი“- ენისელთ მ. 1698-1704 წწ. (ქსის 1955: 397).
- ჯორჯაძე დავით - ენისელთ მოურავი. 1737-1741 წწ.
იმერეთის მოურავები. XVII-XVIII სს.
- ლორთქიფანიძე ბეჟან
- წულუკიძე პაატა - სარდალი 1770-1789 წწ., ქუთაისის მ. 1752-1775 წწ.
- წულუკიძე ბერი
- ელიზბარ ქსნის ერისთავი - ბოქაულთუხუცესი და ქუთაისის მ. 1784-1787 წწ. (დადიანი 1962: 183-185; კაკაბაძე II, 1921: 192: 87).
- წულუკიძე გიორგი - ქუთაისის მ. 1790-97 წწ. (სოსელია 1981: 61).
- ჩხეიძე ბაანა - სვირისა და ქვიტირის მ. 1740-იანი წწ. (სოსელია 1973: 47-48).
- გეგელასშვილი ბერი - ქვიტირის მ. 1766 წ. (სოსელია 1973: 106).
- იაშვილი ვახტანგ - გეგუთის მ. 1797 წ. - XVIII ს-ის ბოლომდე (სოსელია 1973: 128-129).
- აბაშიძე ქაიხოსრო - სვირის მ. 1766 წ. (სოსელია 1973: 204).
- მხეიძე ფირან - ოკრიბის მ. 1691 წ. (სოსელია 1973: 23).
- მხეიძე კაცია - ოკრიბის მ. 1691 წ. (სოსელია 1973: 23).
- მხეიძე გიორგი - ოკრიბის მ. 1786 წ. (სოსელია 1973: 23).
წყაროები და ლიტერატურა
დასტურალამალი 1970: 538, 542-544, 570, 578, 580-582, 586, 589-595, 599, 603, 610-620, 630, 709-716; 801-811; პალ 2007: 92-95; სურგულაძე 1952: 394-407; Месхиа 1959: 244-262; კოპალიანი 1982: 40; კეკელია 1970: 175-183; დსსი 1962: 271; ქიქოძე 1963: ნაკვ. 35: 109, 11; სინ, 1973: 240-242.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017