ორატორი (ელჩი)
ორატორი – ორატორი (ლათ. orator). დასავლურ ისტორიულ წყაროებში ქართველი ელჩები ზოგჯერ მოხსენიებულნი არიან როგორც „orator“ - ორატორი, ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ელჩებს, რომელთაც ამა თუ იმ ხელისუფალთან თავისი სიუზერენის ზეპირი (და არა წერილობითი) დავალება ჩაჰქონდათ. ზოგჯერ მათ მეფის წერილი თუ სხვა ხასიათის დიპლომატიური დოკუმენტიც შეიძლება ჰქონოდათ, მაგრამ მთავარ საკითხთა გადაცემა მაინც ზეპირად ევალებოდათ. მსგავს წერილებში უმნიშვნელოვანეს და საიდუმლო გეგმებზე საუბარი დიდ საშიშროებას შეიცავდა; მათი გამჟღავნება ადვილად შეიძლებოდა ასეთი დოკუმენტის მტრის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ამიტომ მიზანშეწონილი იყო ელჩ-ორატორის მიერ მსგავს საკითხთა ზეპირი მოხსენება. ელჩ-ორატორი ჩანს კონსტანტინე II-ის დესპანი ნილო მონაზონი.
ლიტერატურა
ალექსიძე ლ. საქართველო-რუსეთის საერთაშორისოო-სამართლებრივი ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1983