საჰლი
საჰლი – ჰერეთის მთავარი (IX საუკუნის I ნახევარი – დაახლოებით 853). მისი მმართველობის დროს ჰერეთი დიდად გაძლიერდა. 822 წელს საჰლი თავის ვაჟთან, ადარნერსესთან (ატერნერსეჰ) ერთად შეიჭრა მარჯვენა ნაპირის ალბანეთში, დაამარცხა ამ უკანასკნელის მმართველი, მიჰრანიდი ვარაზ-თრდატი, ამოჟლიტა მიჰრანიდთა საგვარეულო და მიითვისა მათი ტიტული „რანთა მეფე“.
საჰლი ფორმალურად არაბთა ვასალად ცნობდა თავს და მხარს უჭერდა სახალიფოს პოლიტიკას ამიერკავკასიაში. 837 წელს გორისის ციხეში (თანამედროვე ყარაბაღის ტერიტორიაზე) მან შეიპყრო და არაბებს გადასცა ალბანეთში ხურამიტული აჯანყების ხელმძღვანელი ბაბექი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰერეთის მიერ ვასალობის აღიარება სრულებითაც არ ნიშნავდა საჰლის ხალიფისადმი უსიტყვო მორჩილებას. არაბთა სარდალმა ხალიდ იბნ იაზიდმა IX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში მოწყობილი ლაშქრობის დროს, ჰერეთიც დალაშქრა. ეს უნდა ყოფილიყო საჰლის მიერ 822 წელს ალბანეთში მოწყობილი ლაშქრობის პასუხი.
853 წელს არაბთა ახალი შემოსევისას, საჰლს კონფლიქტი მოუვიდა არაბთა სარდალთან ბუღა თურქთან, რომელმაც შეიპყრო იგი და სახალიფოში გაგზავნა. ამის შემდეგ ჰერეთი ხარკს უხდიდა არაბებს.