ნაზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:28, 15 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაზირი - (არაბ.-სპარს. ნāზერ-მეთვალყურე, ზედამხედველი); ცენტრალური აპარატის მოხელე, სასახლის სალაროს, სამეურნეო დაწესებულებათა და საწყობების გამგებელი.

ვახუშტის ცნობით, ეს სახელო როსტომის (1632-1658) დროსაა შემოღებული ეზოსმოძღვრის (იხ.) ნაცვლად. ტერმინი „ნაზირ“ სეფიანთა ირანში უმაღლესი რანგის მოხელის, სასახლის მინისტრის, სუპერინტენდანტის აღმნიშვნლად გამოიყენებოდა. იგი იყო მთავარი ადმინისტრატორი, შაჰის პირველი ეკონომისტი; მას ევალებოდა შაჰის საკუთრებაში შემავალი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვაც; განაგებდა ასევე, თავლასა და არსენალს. შაჰ-აბას II-ის დროს ნ-ის თანამდებობა დაემცრო და მისი ფუნქციები, თითქმის მთლიანად, დიდ ვეზირს გადაეცა. სულხანსაბას თანახმად, ნ-ის შესატყვისი იყო აბრამადი (იხ.), ქარხნის ნ-ისა - ეზოსმოძღვარი. სხვაგვარი განმარტებით, ნ. იგივე სალაროს ნ. და ქარხნის ეზოსმოძღვარია (ნ. ჩუბინაშვილი). XVII-XVIII სს-ში ნ. სახლთუხუცესს (იხ.) ექვემდებარებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ამ პერიოდში არსებობდა სალაროს ნ., ქარხნის ნ. და ჩარფა - ნ. სალაროს ნ. პასუხისმგებელი იყო სასახლის სალაროში არსებული ყოველი ნივთის შენახვასა და გაცემაზე, საჭირო ნივთების და პროდუქტის შეძენაზე. ქარხნის ნ. განაგებდა ქარხნებს - საწყობებს, სადაც თავს იყრიდა სამეფოს ყოველგვარი შემოსავალი (ნატურალური მოსაკრებელი მეფის სახასო მამულებიდან, ბაჟის, იჯარის გამოსაღები და სხვ.). ნ-ს მორჩილებაში უნდა ჰყოლოდა თავლიდარი (იხ.) და ამალა. XVII ს-ში ნ-ებს შეთავსებით ეკავათ სხვა სამოხელეო თანამდებობებიც: მეფისა და დედოფლის კარის მდივნობა, სოიბათიასაულობა (იხ.) მათვე სამოურავოდ გადაცემული ჰქონდათ ცალკეული სოფლები. ჩარფა ნ. „ოთხფეხთა ზედამხედველი“ (პ. უმიკაშვილი) იყო. ნ-ები, ცენტრალური აპარატის სხვა მოხელეების მსგავსად, სარგოს გარდა, ულუფასა და ჯამაგირსაც იღებდნენ.

წყაროები და ლიტერატურა: სურგულაძე 1952: 181-188; მესხია 1948: 026, 16; Fragner 1986: 554; Savory 2007: 183; დასტურალამალი 1965: 245; ვახუშტი 1973: 32; სულხან-საბა ორბელიანი 1991: 561; ჩუბინაშვილი 1961: 132, 311; Taḏkerat al-molūk 1943: 119.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები