რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი
რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტი – (ინგლ. Committee on the Elimination of Racial Discrimination, CERD), შეიქმნა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის (1966) შესაბამისად.
კომიტეტი შედგება 18 ექსპერტისაგან, რომელთაც 4 წლის ვადით ირჩევენ კონვენციის წევრი სახელმწიფოები თავისი მოქალაქეების რიცხვიდან სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების საფუძველზე, კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება კონვენციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გაეროს გენერალური მდივანი. კონვენციის წევრი სახელმწიფოები გაეროს გენერალურ მდივანს წარუდგენენ მოხსენებებს კომიტეტში განსახილველად მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომების შესახებ, რომელთა დახმარებით ხდება კონვენციის რეალიზება. კომიტეტი ყოველწლიურად გენერალური მდივნის მეშვეობით გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და შესაბამის რეკომენდაციებს.