რომის პაქტი 1935

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომის პაქტი 1935 – შეთანხმებათა კომპლექსი საფრანგეთსა და იტალიას შორის ხელმოწერილ იქნა რომში. 7 იანვარს იტალიის მთავრობის მეთაურის მუსოლინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავალის მიერ.

მიზნად ისახავდა მხარეებს შორის არსებულ ძირითად სადავო საკითხთა დარეგულირებას. ავსტრიის საკითხში გერმანიასთან არსებულმა უთანხმოებამ და ეთიოპიის წინააღმდეგ აგრესიის სამზადისმა აიძულა ფაშისტური იტალია, მოეძებნა კომპრომისი საფრანგეთთან. იტალიისა და გერმანიის დაახლოებით შეშფოთებული საფრანგეთი კი, თავის მხრივ, ცდილობდა იტალიის ყურადღება აღმოსავლეთ აფრიკისაკენ მიემართა, რომის პაქტით საფრანგეთი იტალიას უთმობდა თავისი აფრიკული კოლონიების ნაწილს – 114 ათასი კვ, კმ ფართობის ტერიტორიას ლიბიის საზღვართან, სომალის ფრანგული სანაპიროს მცირე ნაწილს (800 კე. კმ) და კუნძულ დუმეირას, აგრეთვე ჯიბუტი – ადისაბების რკინიგზის აქციების 20%-ს. გარდა ამისა, საიდუმლო მოლაპარაკებების დროს ლავალმა მუსოლინის მისცა მოქმედების სრული თავისუფლება ეთიოპიაში (თუმცა, ეს არ იქნა ჩაწერილი შეთანხმებაში). თავის მხრივ, იტალიამ ხელი აიღო საფრანგეთის სამფლობელოებზე აფრიკაში (თუნისი, ჩადის ტბის მისადგომები, აგრეთვე დერეფანი, რომელიც ლიბიას აკავშირებს აფრიკის ეკვატორულ ნაწილთან). მხარეებმა დაადასტურეს ავსტრიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობა. შეთანხმება ითვალისწინებდა მომავალში დუნაის პაქტის დადებას, რომელიც ავსტრიის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა ყოფილიყო.

რომის პაქტმა ფაქტობრივად შეამზადა იტალიის აგრესია ეთიოპიაში, თუმცა, მან ვერ გადაწყვიტა იტალიასა და საფრანგეთს შორის არსებული წინააღმდეგობანი, ვერც იტალია-გერმანიის დაახლოება შეაჩერა და ვერც ავსტრიის დამოუკიდებლობა უზრუნველყო. გერმანიის, პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო არ იქნა მოწვეული კონფერენცია, რომელსაც დუნაის პაქტის პროექტი უნდა განეხილა. 1938 წლის დეკემბერში იტალიამ გააუქმა რომის პაქტის შეთანხმებები.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები