საელჩო
საელჩო – ერთი სახელმწიფოს მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა მეორე სახელმწიფოში, რომელსაც სათავეში უდგას ელჩი ან I კლასის რომელიმე სხვა დიპლომატიური წარმომადგენელი.
მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ინსტიტუტი მხოლოდ XV საუკუნეში იკიდებს ფეხს. მანამდე ელჩები იგზავნებოდნენ რაიმე გარკვეული ამოცანის შესასრულებლად – ხელშეკრულების დადების, დიპლომატიური მოლაპარაკების თუ სხვა მიზნით. წოდებრივი წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბების პერიოდში დროებითი ელჩობა მუდმივ საწყისებზე გადადის. პირველი ასეთი საელჩო გაიგზავნა ვენეციაში 1455 მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო სფორცას მიერ, მაგრამ ამ ინსტიტუტის ფართოდ გამოყენება მხოლოდ XVI საუკუნიდან იწყება. თანამედროვე ეტაპზე საელჩოს სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრულია ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961, ორმხრივი შეთანხმებებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითი.
საელჩოს, როგორც მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებში შედის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თვისი სახელმწიფოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების წარმოება, თავის და ადგილსამყოფელ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო ურთიერთობათა განვითარებისათვის ხელის შეწყობა და ა.შ.