პილნიცის დეკლარაცია 1791
პილნიცის დეკლარაცია 1791 – (ავსტრიისა და პრუსიის ერთობლივი ბრძოლის შესახებ რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ), ხელმოწერილ იქნა 27.VIII პილნიცის სასახლეში, ავსტრიის იმპერატორის, ლეოპოლდ II-ისა და პრუსიის მეფის, ფრიდრიჰ ვილჰელმ II-ის მიერ. საფრანგეთში რევოლუციის განვითარებით შეშფოთებულმა ლეოპოლდ II-მ, დაინტერესებულმა ბურბონთა დინასტიის შენარჩუნებით, რომელთანაც მას ნათესაობა აკავშირებდა, 1791 წლის 6.III ყველა ევროპულ სამეფო კარს შესთავაზა, საერთო ძალით დახმარებოდნენ ფრანგ ხელმწიფეს. პრუსია, რომელიც ვარაუდობდა თავისი დასავლეთი საზღვრების დამრგვალებას საფრანგეთის ხარჯზე, დაეთანხმა ავსტრიის წინადადებას, 1791 წლის 25.VIII ქ. ვენაში ავსტრიასა და პრუსიას შორის დაიდო პრელიმინარული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობდა საერთო პოლიტიკას საფრანგეთის საკითხის მიმართ; ერთი თვის შემდეგ კი დაიდო პილნიცის დეკლარაცია იგი ამტკიცებდა ავსტრიისა და პრუსიის განზრახვას, ემოქმედათ ერთობლივად, რათა საფრანგეთის მეფეს შესძლებოდა გაემაგრებინა მონარქიის საფუძვლები. ავსტრია და პრუსია მიმართავდნენ ევროპის ყველა ხელმწიფეს წინადადებით, შეერთებოდნენ მათ, რის შემდეგაც ისინი დაუყოვნებლივ განახორციელებდნენ საფრანგეთის ინტერვენციას, რისთვისაც ვალდებულებას იღებდნენ, ჰყოლოდათ საკუთარი ჯარები მუდმივ საომარ მზადყოფნაში. რუსეთისა და ინგლისის უარმა, შეერთებოდა ამ კოალიციას, ავსტრიასა და პრუსიას არ მისცა შესაძლებლობა, განეხორციელებინათ შეიარაღებული ჩავა საფრანგეთის შინაურ საქმეებში. 1791 წლის პილნიცის დეკლარაციის საფუძველზე, მოგვიანებით, 1792 წლის 7.II დადებულმა ავსტრია-პრუსიის სამოკავშირეო ხელშეკრულებამ საფუძველი დაუდო პირველ ანტიფრანგულ კოალიციას და ხელი შეუწყო ქვეყნების მიერ საფრანგეთის ინტერვენციას.