სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა
სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა – საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი სახელმწიფოდან მეორეზე. სამართალმემკვიდრეობის წარმოშობის საფუძველი შეიძლება გახდეს:
1. რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანება;
2. ერთი სახელმწიფოს რამდენიმე ახალ სახელმწიფოდ დაყოფა;
3. სახელმწიფო ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გამოყოფა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა;
4. ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსთვის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის გადაცემა.
სახელმწიფოთა წარმოშობა თუ მათი გაქრობა პოლიტიკური, სოციალური და სხვა მსგავსი მოვლენების შედეგია.
საერთაშორისო სამართლის როლი ამ შემთხვევაში ის არის. რომ განსაზღვროს მომხდარი ცვლილებების მნიშვნელობა იურიდიული თვალსაზრისით და დაუკავშიროს მათ შესაბამისი შედეგები, რაც გამოიხატება სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის ინსტიტუტში. სამართალმემკვიდრეობის განხორციელებისას რამდენი სახელმწიფოც არ უნდა იყოს მისი მონაწილე, ყოველთვის განასხვავებენ ორ მხარეს: სახელმწიფო წინამორბედი, რომელსაც სრულად ან ტერიტორიის ნაწილთან მიმართებაში ცვლის საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობის ახალი მატარებელი და სახელმწიფო მემკვიდრე, რომელზეც გადადის ეს პასუხისმგებლობა. ცნება „სამართალმემკვიდრეობის მომენტი“ ნიშნავს სახელმწიფო წინამორბედის სახელმწიფო მემკვიდრით შეცვლის თარიღს. არსებობს სამართალმემკვიდრეობის რამდენიმე ობიექტი: საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები, სახელმწიფო საკუთრება, სახელმწიფო არქივები, სახელმწიფო ვალები, მოქმედი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები, რომლებიც სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობას ეხება, ძირითადად ჩვეულებითი სამართლის ნორმების ხასიათს ატარებს ან დაინტერესებულ სახელმწიფოსთან შეთანხმებით განისაზღვრება. ამასთან მიიღეს ვენის კონვენცია სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით 1978, ვენის კონვენცია სახელმწიფოთა უფლებამონაცვლეობის შესახებ სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო არქივების და სახელმწიფო ვალების თაობაზე 1983, რომლებიც არეგულირებს სამართალმემკვიდრეობის საკითხებს საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკიდან გამომდინარე. კერძოდ ორივე კონვენცია გამომდინარეობს პრინციპიდან, რომლის ძალითაც სამართალმემკვიდრეობის საკითხები შეიძლება გადაწყდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმებით, ხოლო კონვენციათა დებულებები გამოიყენება ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში. სამართალმემკვიდრეობის ის საკითხები, რომლებიც კონვენციებში არ არის გათვალისწინებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით რეგულირდება. კონვენციებში ასევე აღნიშნულია, რომ ფორმულირებული წესები გამოიყენება მხოლოდ ისეთი სამართალმემკვიდრეობის მიმართ, რომელიც განხორციელებულია გაეროს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ კონვენცია არ ეხება ისეთ სამართალმემკვიდრეობას, როდესაც ამა თუ იმ ტერიტორიაზე საერთაშორისო საქმეთა წარმოებაზე პრეტენზიას აცხადებს ისეთი სახელმწიფო, რომელმაც ამ ტერიტორიასთან მიმართებაში განახორციელა აგრესიის აქტი, ანექსია ან ოკუპაცია. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციათა დებულებებს სამართალმემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებული დავების რეგულირების წესის შესახებ.