რუსეთ-პრუსიის ხელშეკრულება 1716
რუსეთ-პრუსიის ხელშეკრულება 1716 – ხელმოწერილ იქნა 5(16)-XI პეტრე I-ისა და პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმის მიერ დეკლარაციათა გაცვლის საფუძველზე მათი პაველბურგში მოლაპარაკების დროს.
1716 რუსეთმა საგრძნობ წარმატებას მიაღწია შვედებთან ომში. ამან გამოიწვია ერთგვარი წინააღმდეგობა როგორც ანტიშვედურ კოალიციაში შემავალ, ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოთაგან. ეს წინააღმდეგობა უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 1716 წლის 8 (19). IV პეტრე I-მა და მეკლესბურგის ჰერცოგმა კარლ ლეოპოლდმა გააფორმეს სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რუსეთის არმია და ფლოტი პლაცდარმად აქცევდა ჩრდილოეთ გერმანიას. ამან სერიოზულად შეაშფოთა ინგლისი. ასეთ სიტუაციაში რუსეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრუსიის პოზიციას, რომლის გამოყენებით პეტრე I ცდილობდა ავსტრიის მიმხრობას.
1716 პეტრე I კელავ გაემგზავრა ევროპაში. პრუსიაში იგი შეხვდა ფრიდრიხ ვილჰელმს. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე შვედეთის წინააღმდეგ და თავიანთი ეს კავშირი ახალი ხელშეკრულებით დაადასტურეს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა რუსეთსა და პრუსიას შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. პრუსიის მხარე თანახმა იყო, დარჩენილიყო რუსეთის არმიის გარკვეული კონტინგენტი ომის მსვლელობის დროს მეკლენბურგის საჰერცოგოში. ამასთანავე, პრუსიის მეფე აღიარებდა რუსეთის შემადგენლობაში იმ მიწებს, რომლებსაც შვედებთან ომისას დაიპყრობდა რუსეთი. პეტრე I, თავის მხრივ, აღიარებდა პრუსიის საზღვრების ხელშეუხებლობას იმ მიწების ჩათვლითაც, რომლებიც შვედეთს ჩამოაჭრა პრუსიამ უკანასკნელი ომის მსვლელობისას. ხელშეკრულების დადებამ სერიოზულად გააძლიერა რუსეთის პოზიციები ჩრდილოეთის ომის მსვლელობისას. ამასთანავე, რუსეთ-პრუსიის დაახლოებამ საგრძნობლად შეუწყო ხელი რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის კავშირის ჩამოყალიბებას, რომელიც 1717 წლის აგვისტოში გაფორმდა ამსტერდამში.