საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება, ერთობლივი დეკლარაცია და შეთანხმება
საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება, ერთობლივი დეკლარაცია და შეთანხმება
ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ
ხელმოწერილ იქნა 1993 წლის 13 აპრილს, კიევში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძისა და უკრაინის პრეზიდენტის ლ. კრავჩუკის მიერ. ხელშეკრულება დაიდო ათი წლის ვადით. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების მორიგი ვადის გასვლამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე არ მოახდენს მის წერილობით დენონსაციას.
მხარეები შეთანხმდნენ, თავიანთ ურთიერთობებს განავითარებენ როგორც მეგობრული სახელმწიფოები, მათ ვალდებულება იკისრეს, თანამიმდევრულად ეხელმძღვანელათ, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებით. ხელშეკრულებაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიენიჭა საერთო-ევროპული პროცესის შემდგომ განვითარებას, განმტკიცებასა და მისი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. აღინიშნა, რომ მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას განათლების, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. ხელშეკრულებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მხარეთა სწრაფვას მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და უშიშროების განსამტკიცებლად.
საქართველოს რესპუბლიკას და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებისადმი საერთო მიდგომის თაობაზე ხელმოწერილი დეკლარაცია
ხელი მოეწერა 1995 წლის 9 იანვარს. თბილისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ე. შევარდნაძისა და უკრაინის პრეზიდენტის ლ. კუჩმას მიერ. დეკლარაციაში საგანგებოდ აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური განვითარების განმტკიცებისა და შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრის სურვილი, ამასთან, ასევე, აღიარებულ იქნა, რომ ორივე ქვეყნის, როგორც სუვერენული და ტერიტორიულად განუყოფელი სახელმწიფოების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო უშიშროების, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ისტორიული ცვლილებების გაღრმავებისათვის. მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა, მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის, აგრეთვე გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნებისა და პრინციპებისადმი.
შეთანხმება განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ
ხელმოწერილ აქნა 1996 წლის 31 აგვისტოს, კიევში ხუთი წლის ვადით. შემდეგ იგი ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდით, თუკი რომელიმე მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით, ადრე თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
მხარეები ეყრდნობოდნენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ 1993 წლის 13 აპრილს დადებულ ხელშეკრულებას. 1995 წლის 9 იანვარს ე. შევარდნაძისა და ლ. კუჩმას მიერ ხელმოწერილ დეკლარაციას და გამოხატავდნენ მზადყოფნას მეცნიერული, ორგანიზაციულ-მეთოდური და ინფორმაციული თანამშრომლობისათვის. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ძალისხმევა მიემართათ ურთიერთთანამშრომლობის ისეთი მიმართულებებისაკენ, როგორიცაა: განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება, სპეციალისტთა მომზადება მათი ეკვივალენტური გაცვლის საფუძველზე, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ერთობლივი მეცნიერული გამოკვლევების ჩატარება, ორივე ქვეყნის ენის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ლიტერატურის სათანადო შესწავლის უზრუნველყოფა.