სიმლის კონვენცია 1914
სიმლის კონვენცია 1914 – დაიდო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჰ. მაკ-მაჰონსა და ტიბეტის ხელისუფლების წარმომადგენელ ლონჩენ შატრას შორის 3.VII სიმლაში (ინდოეთი) და შექმნა ტიბეტში ბრიტანეთის ექსპანსიის იურიდიული საფუძველი. კონვენცია წარმოადგენს 1913-14 სიმლაში გამართული კონფერენციის მუშაობის შედეგს.
კონფერენციაზე განიხილებოდა ტიბეტის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, ასევე ტიბეტის ჩინეთთან და ბრიტანეთის ინდოეთთან საზღვრების საკითხი. კონფერენციის მუშაობის პერიოდში, 1914 წლის მარტში მაკმაჰონმა და შატრამ ერთმანეთს საიდუმლო წერილები და რუკები გაუგზავნეს სასაზღვრო ხაზით ბირმიდან ბჰუტანამდე. ეს სასაზღვრო ხაზი გაავლეს მოგვიანებით იმ რუკებზე, რომლებიც თან ერთოდა სიმლის კონვენციის პროექტს. კონვენცია ავალდებულებდა ჩინეთის მთავრობას, არ გადაექცია ტიბეტი პროვინციად, ანუ არ შეეყვანა საკუთრივ ჩინეთის ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ სისტემაში, არ გაეგზავნა ტიბეტში ჯარები, სამოქალაქო პირები და არ შეექმნა იქ ჩინური დასახლებები. ტიბეტთან მოლაპარაკებების წარმოების და შეთანხმებების დადების უფლება ენიჭებოდა მხოლოდ დიდ ბრიტანეთს. ჩინეთის რწმუნებულმა, რომელმაც 27.IV.1914 დიდი ბრიტანეთის მიერ შეთავაზებული კონფერენციის დასკვნითი დოკუმენტის პარაფირება მოახდინა, მოგვიანებით მან ხელი არ მოაწერა. ჩინეთის მთავრობამ უარი თქვა. ეცნო სიმლის კონვენცია, რადგან არ ეთანხმებოდა მასში დაფიქსირებულ ჩინეთ-ტიბეტის საზღვარს, ასევე იმ მუხლს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ჩინეთის მთავრობის გავლენას ტიბეტში.