ჩინეთ-ამერიკის შეთანხმებები 1983-85

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:20, 10 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-ამერიკის შეთანხმებები 1983-85

სარჩევი

შეთანხმება ქსოვილების შესახებ

ხელმოწერილ იქნა 1983 წლის 9 აგვისტოს პეკინში 5 წლის ვადით. ძალაში შევიდა 1983 წლის 1 იანვრიდან, ჩინეთს მიეცა უფლება, აშშ-ში ქსოვილების ექსპორტი ყოველწლიურად 3,5%-ით გაეზარდა. შეთანხმება ჩინური ქსოვილების 33 კატეგორიის ექსპორტის კვოტებს განსაზღვრავს.

შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 1984 წლის 12 იანვარს ვაშინგტონში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ჯაო ძიანის აშშ-ში ვიზიტის დროს. იგი 5 წლით აგრძელებს ორ ქვეყანას შორის დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას, რომელიც 1979 წლის 31 იანვარს იქნა ხელმოწერილი.

შეთანხმება ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიც არის კოსმოსი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობის დაცვა და მედიცინა, გარემოს დაცვა, კულტურული და სამეცნიერო გაცვლა და სხვა. შედგენილ იქნა 23 ოქმი (1985), რომლებიც ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობის სხვადასხვა მხარეებს მოიცავდა (კოსმოსური ტექნოლოგია, მაღალი ენერგიების ფიზიკა, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ზუსტი მეცნიერებები, ჰიდროენერგეტიკა, ტექნიკური და სამეცნიერო ინფორმაციის მართვა და გაცვლა, თევზჭერა, ტრანსპორტი და სხვა. ამ ოქმების მიხედვით დაიგეგმა დაახლოებით 300 პროექტი.

შეთანხმება სამრეწველო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

ხელმოწერილ იქნა 1984 წლის 12 იანვარს ვაშინგტონში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის ჯაო ძიანის აშშ-ში ვიზიტის დროს. ძალაში შევიდა ხელმოწერის მომენტიდან და გრძელდება 1986 წლის 11 იანვრამდე მისი 3 წლიანი პერიოდებით განგრძობის შესაძლებლობით. შეთანხმება ძირითადად მრეწველობისა და მეურნეობის იმ დარგებს ეხება, რომელთაც ჩინეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს (ქვანახშირისა და ნავთობის მრეწველობა, ტრანსპორტი, ტელეკავშირი, ჩინური ქარხნების მოდერნიზაცია, ინფორმაციისა და სპეციალისტთა ჯგუფების გაცვლა, სხვადასხვა პროექტების ფინანსირებისათვის ხელის შეწყობა და ა. შ.).

შეთანხმება მშვიდობიანი მიზნით ბირთვული ენერგიის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

პარაფირებულ იქნა 1984 წლის 30 აპრილს პეკინში, აშშ-ის პრეზიდენტის, რ. რეიგანის ჩინეთში ვიზიტის დროს. ხელმოწერილ იქნა ვაშინგტონში 1985 წლის 23 ივლისს. შეთანხმება განსაზღვრავს ამერიკული კომპანიების მიერ ჩინეთისთვის ბირთვული რეაქტორების, კომპონენტების, ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების მიყიდვის იურიდიულ ჩარჩოებს, მაგრამ „არ წარმოადგენს ამერიკის მხარის ვალდებულებას მოამარაგოს ჩინეთი ბირთვული რეაქტორებით ან მასალებით“. შეთანხმება ითვალისწინებს ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების პროცესში გარემოს უსაფრთხოების დაცვის შესახებ არსებული ინფორმაციისა და ტექნოლოგიის გაცვლას. ჩინეთს ეკრძალება აშშ-ის მიერ მისთვის გადაცემული ბირთვული მასალები ან მოწყობილობები გამოიყენოს სამხედრო მიზნებისათვის, ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად, გადასცეს სხვა ქვეყანას, გაამრავლოს ან შეინახოს იგი ამერიკული მხარის თანხმობის გარეშე.

შეთანხმება ამერიკული კომპანიების ორმაგი დაბეგვრის გაუქმების შესახებ

ხელმოწერილ იქნა 1984 წლის 30 აპრილს პეკინში, აშშ-ის პრეზიდენტის რ. რეიგანის ჩინეთში ვიზიტის დროს. შეთანხმება უზრუნველყოფს ჩინეთის ბაზარზე ამერიკული კაპიტალის შეღწევასა და იქ უპირატესი მდგომარეობის გამყარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, უზრუნველყოფს აგრეთვე ამერიკული კომპანიების მოღვაწეობას ჩინეთში (ინვესტიციების დაცვა, სხვადასხვა შეღავათების მინიჭება და ა.შ). გაუქმდა ამერიკული კომპანიების ორმაგი (ე. ი. როგორც აშშ-ის, ისე ჩინეთის ტერიტორიაზე) დაბეგვრა. კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადების მაქსიმუმი 10%-ის) განისაზღვრა (შეთანხმების დადებამდე შეადგენდა 20%-ს).

1985 წლის 23 ივლისს ხელმოწერილ იქნა შეთანხმება თევზჭერის შესახებ.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები