მეთოდიოს პატარელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:15, 22 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეთოდიოს პატარელი (ოლიმპოელი) Methodius of Olympus , Μεθόδιος Πατάρων - III-IV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქრისტიანი თეოლოგი, მწერალი და წმინდანი, წარმოშობით ქალაქ პატარადან (ლიკია). მისმა ცხოვრებამ და ნაშრომებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ადრეული ქრისტიანული თეოლოგიის ჩამოყალიბებაში. მეთოდიოსის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ დაიბადა III საუკუნის შუა ხანებში. მეთოდიოსი გახდა ეპისკოპოსი ოლიმპოსში, ლიკიაში (თანამედროვე თურქეთი). მისი ერთადერთი სრულად შემორჩენილი ნაშრომია „სიმპოსიონი ანუ სიწმინდის შესახებ“ (Συμπόσιον περὶ ἁγνείας). ეს არის მნიშვნელოვანი ნაშრომი ადრეული ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში, დაწერილი დაახლოებით 270-290 წლებში, აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს უნიკალურ შერწყმას კლასიკური ლიტერატურული ფორმისა და ქრისტიანული თეოლოგიისა. აღსანიშნავია პლატონის დიდი გავლენა ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. მეთოდიოსი ასევე იყო აქტიური პოლემისტი, რომელიც თავს ესხმოდა ორიგენისტულ შეხედულებებს ადამიანის სხეულსა და დროზე ნაშრომში აღდგომის შესახებ „აგლაოფონი“ (Ἀγλαοφῶν ἢ περὶ ἀναστάσεως). მეთოდიოსი იყო ორიგენეს მოწინააღმდეგე და ცდილობდა დაეცვა ორთოდოქსული ქრისტიანული სწავლება სხვადასხვა ერეტიკული მიმდინარეობებისგან. ბევრი მისი ნაშრომის ფრაგმენტები შემორჩენილია მხოლოდ ძველ სლავურ თარგმანებში.

მეთოდიოს პატარელი გარდაიცვალა IV საუკუნის დასაწყისში. მისი სიკვდილი შესაძლოა დაკავშირებული იყო ქრისტიანთა დევნასთან იმპერატორ დიოკლეტიანეს პერიოდში (დაახლ. 311 წელი). მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწამეობრივი აღსასრული ისტორიული წყაროებით არ დასტურდება, ქრისტიანული ტრადიცია მეთოდიოსს მოწამის სახელს ანიჭებს (ხსენების დღე 20 ივნისი).


ლიტერატურა

● ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ 1963.
● The Oxford Dictionary of Byzantium, ed by G.W. Kazhdan, New York – Oxford, 1991
● Encyclopædia Britannica, Inc.

წყარო

● მოამზადა ლაშა გოგეშვილმა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები