საექიმო იარაღები
საექიმო იარაღები - აქ: ხალხური მედიცინის მონაპოვარი, ნივთიერი მასალა, რაც ათვალსაჩინოებს ამ დარგის განვითარების პრაქტიკულ ფორმებს და წარმოადგენს მის საილუსტრაციო მასალას. სამთავროს სამაროვანში მიკვლეულ იქნა ტრეპანირებული თავის ქალები, რომლებიც X-XI საუკუნეებით იქნა დათარიღებული. ზოგადად ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ტრავმების მკურნალობის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში, რაც ძირითადად წარმოებდა საექიმო იარაღების დახმარებით. ქართული სამედიცინო იარაღების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XI ს .“უსწორო კარაბადინში“, XIIს. „წიგნი სააქიმო“-ში და XIV ს. ზაზა ფანასკერტელის „სამკურნალო წიგნში“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა წარმოშო ხალხური ქირურგიის მდიდარი ემპირიული გამოცდილება, რომელიც ვითარდებოდა ისეთი საექიმო იარაღების მეშვეობით, როგორიცაა: ასტამი, სატეხი, ფიჩქი, სახოკი, დანა, ხმალიკა, ბორწკალი, მაშა, ილარი, ნესტარი, საფხეკი, ხვეწი, კოტოში, არტახი და სხვა. ცნობილია, რომ ხევსური დასტაქრები თავიანთი დამზადებული საექიმო იარაღებით აკეთებდნენ საკმაოდ რთულ ოპერაციებს, მათ შორის თავის ქალის ტრეპანაციას.
ლიტერატურა
პ. ფირფილაშვილი, ნარკვევები ძველი ქართული მედიცინის ისტორიიდან, 1985წ. ე.ნ.