ეპლტონი ედვარდ
ედვარდ (ვიქტორ) ეპლტონი – (ინგლ. Edward Victor Appleton, 1892 - 1965), ინგლისელი ფიზიკოსი.
პირველი მსოფლიო ომი დაწყებისთანავე ახალგაზრდა ფიზიკოსი მოხალისედ წავიდა ჯარში, დაინიშნა კავშირის სამსახურში. აქ ეპლტონი გაეცნო ელექტრულ მილაკებს, რომლებმაც იგი იმდენად დააინტერესა, რომ კემბრიჯში დაბრუნების შემდეგ 1919 წელს დაიწყო ელექტრულ წრედში მათი გამოკვლევა. მაგრამ ეს თემა ერთადერთი არ იყო, რაზედაც იგი მუშაობდა. მან დაიწყო ატმოსფერული ხელისშემშლელი მოვლენების (ჭახანი, ხმაური) შესწავლა რომლებიც ჩვენ რადიომიმღებებში გვესმის. ეპლტონმა გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია ამ თემაზე ახალგაზრდა ფიზიკოსთან უატსონ-უატთან ერთად, რომლის სახელი მოგვიანებით დაუკავშირდა რადიოლოკატორის დამუშავებას.
მეორე თემა, რომელიც ეპლტონს აინტერესებდა იყო – რადიოტალღების გავრცელება ატმოსფეროს ზედა ფენებში. 1924 წელს კემბრიჯში ჩამოვიდა ავსტრალიელი ბარნეტი, რომელიც ეპლტონთან ერთად შეუდგა ტალღების გავრცელების გამოკვლევას. 1922 წელს ლონდონში გაიხსნა რადიოგადამცემი სადგური, რომლის წყალობითაც ბარნეტი აკვირდებოდა კემბრიჯში ამ სადგურის რადიოგადაცემების მიღებას. აღმოჩნდა, რომ სიგნალი, რომლის ძალა მთელი დღის განმავლობაში თითქმის მუდმივი იყო, ღამით სუსტდებოდა ან კიდევ უფრო ძლიერდებოდა. ეს მოვლენები, რომელსაც გარინდება ეწოდება, მიეწერებოდა იონიზაციის გაზის ფენის არსებობას ატმოსფეროს ზედა ფენებში.
ამ ფენის არსებობის აზრი ახალი არ იყო, იგი ჯერ კიდევ 1902 წელს ინგლისელმა ჰევისაიდმა და მისგან დამოუკიდებლად ამერიკელმა კენელიმ წამოაყენა. ეპლტონმა და ბერნეტმა დაამტკიცეს, რომ ამ ფენაზე დამოკიდებულია რადიოტალღების მილევა. მათ დაადგინეს, რომ დღისით რადიომიმღებებში ხვდება მხოლოდ დედამიწის ზედაპირის გასწვრივ გავრცელებული ტალღა, ღამე კი იონიზაციური ფენიდან არეკლილი ტალღებიც. თუ ორივე ამ ტალღას რადიომიმღებში მოხვედრისას ერთნაირი ფაზა აქვთ, მიიღება უფრო ძლიერი სიგნალი, მაგრამ როდესაც დედამიწის ტალღასა და არეკლილს საწინააღმდეგო ფაზები აქვთ, მიღებაც სუსტია. აქ ხდება ინტერფერენციის მოვლენა, რომელსაც შეიძლება, მაგალითად, დავაკვირდეთ წყალზე, როდესაც ერთდროულად ორი წყაროდან ვრცელდებიან ტალღები ინტერფერენციის მოვლენით აიხსნება აგრეთვე, ეგრეთწოდებული, ნიუტონის რგოლების წარმოშობა იმ შემთხვევაში, როცა ამოზნექილ, ცოტათი გამრუდებულ ლინზას ბრტყელ ფირფიტაზე მოვათავსებთ.
ეპლტონი და ბარნეტი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათი თეზისის დასაბუთება პრაქტიკისთვის ტექნიკურად რთული არ არის. საკმარისია, შეიცვალოს გადამცემის ტალღის სიგრძე, რათა რადიოტალღების გავრცელების მუდმივ პირობებში დავაკვირდეთ რიგ-რიგობით გაძლიერებულ და შესუსტებულ მიღებას. უფრო მეტიც: შედარებით მარტივი ხერხით შეიძლება გავიანგარიშოთ რა სიმაღლეზე მდებარეობს იონიზებული გაზის ფენა, საიდანაც აირეკლება რადიოტალღები.
1924 წლის 11 დეკემბერს ჩატარებული ექსპერიმენტი სრული წარმატებით დამთავრდა. მან არა მარტო დაასაბუთა იონიზაციური გაზის ფენისა და ჩახშობის მოვლენის მთელი მექანიზმის არსებობა, არამედ საშუალება მისცა გამოეთვალათ, რომ ეს ფენა იმყოფება დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ. სიმაღლეზე.
ამ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ეპლტონმა მიატოვა ყველა სხვა სამუშაო და მთელი ყურადღება მხოლოდ ამ ერთ თემაზე გაამახვილა, რაკი მიხვდა, რომ სწორედ იმ მოვლენის გამოკვლევა, რომელიც დაკავშირებულია რადიოტალღების გავრცელებასთან, არის მისი მოწოდება. ლონდონის სამეფო კოლეჯში ფიზიკის პროფესორის თანამდებობის მიღების შემდეგ ეპლტონმა გააუმჯობესა ამრეკლავი ფენის თვისებების გამომკვლევი ექსპერიმენტის ხერხები და დაადგინა, რომ ამ ფენის სიმაღლე დამოკიდებულია მზის გამოსხივებაზე, აგრეთვე (ეს აღმოჩენა 1929 წელს მოახდინა) ის, რომ ჰევისაიდის ფენის გარდა არის კიდევ ერთი ფენა, რომელიც იმყოფება ორჯერ უფრო მაღლა, ვიდრე პირველი ფენა. ამ ფენას ეწოდა F ფენა, პირველმა ფენამ E ფენის სახელი მიიღო. F ფენას ზოგჯერ მისი აღმომჩენის - ეპლტონის ფენას უწოდებენ.
ნობელის პრემია რომელიც მეცნიერს მიენიჭა 1949 წელს F ფენის აღმოჩენისათვის, იმის დამამტკიცებელია, თუ რა დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აქვს იონოსფეროს გამოკვლევას, რომელიც ომის შემდეგ ხალხთა შორის მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის საგანი გახდა.