ალ-მუკადასი
ალ-მუკადასი – (დ. 946 ან 947 - გ. 985 წ.), არაბეთის ერთ-ერთი გამოჩენილი გეოგრაფი და მოგზაური.
მან იმოგზაურა მუსლიმური აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი ნაწარმოები „საუკეთესო განაწილება ქვეყნების ცოდნისათვის“ („ახსან ატ-ტაკასიმ ფი მარიფატ ალ-აკალიმ“) შედგება ორი ნაწილისაგან. მეთოდოლოგიური, ტერმინოლოგიური და საერთო გეოგრაფიული ხასიათის შესავლის შემდეგ, ავტორი იძლევა მუსლიმური ქვეყნების ზოგად მიმოხილვას და შემდეგ კი გადადის ცალკეული ქვეყნების აღწერაზე შემდეგი განრიგით: არაბეთი, ერაყი, აკური (მესოპოტამია და არაბეთის მცირე აზია) სირია, ეგვიპტე, ალ-მაღრიბი (დასავლეთი). პირველი ნაწილი მთავრდება არაბეთის უდაბნოს აღწერით; მეორე ნაწილში ალ-მუკადასი აღწერს ირანის ოლქებს − დაწყებული აღმოსავლეთიდან (ალ-მაშრიყი), რომელშიაც შედის ხვარასანი, სეჯესტანი, და მავერანნაჰრი (სირდარიის და ამუდარიის აუზები). შემდეგ მას მოჰყავს საინტერესო ცნობები დეილემზე (გილანზე), არ-რიჰაბზე (აზერბაიჯანზე, სომხეთზე და ამიერკავკასიაზე), დიბალზე (მიდია), ხუზისტანზე, ფარსზე, ქერმანზე და სინდზე. მთელ მის ნაწარმოებში მტკიცედაა დაცული გადმოცემის ერთი სისტემა; ჯერ ავტორი იძლევა ამა თუ იმ ქვეყნის ან ოლქის ზოგად გეოგრაფიულ მიმოხილვას (კლიმატი, ნიადაგი და სხვ.). შემდეგ გადადის მათ ადმინისტრაციულ დაყოფაზე, აღნიშნავს ქალაქების თავისებურებას და ღირსშესანიშნაობას, ლაპარაკობს მოსახლეობის საქმიანობაზე, ახასიათებს ქვეყნის ფინანსებს და სხვ. ყველა ცნობები, რომელიც მოჰყავს მუკადასს, იძლევა ხალიფატის ქვეყნების გეოგრაფიის, ეკონომიკისა და კულტურისათვის მეტად მნიშვნელოვან მასალას.
თავის წიგნზე მუშაობისას მან ისარგებლა იმ მეთოდებით, რომლებითაც ამჟამადაც სარგებლობენ გეოგრაფები თანამედროვე კკვლევითი მუშაობის დროს. სახელდობრ: მოგზაურობა, პირადი დაკვირვება და ქვეყნებისა და ხალხთა შესწავლა, გამოკითხვა იმ პირებისა, რომლებისგანაც შეიძლება იმ ცნობების მიღება, რაც მოგზაურს აინტერესებს, და დასასრულ კამერალური მუშაობა (სხვა ავტორების თხზულებათა კითხვა, მუშაობა წიგნთსაცავებში და სხვ.).