დიდი ჩვამა
დიდი ჩვამა (ლათ. Phalacrocorax carbo Linnaeus), 1758 – დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 320–370 მმ-ია, ნისკარტი – 60-80 მმ, წონა – 1800-3000 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა, მაგრამ შეფერილობა საკმაოდ ცვალებადობს ასაკისა და სეზონების მიხედვით. გამრავლების პერიოდში ზრდასრული ფრინველის თავი, კისერი და ჩიჩახვის წინა ნაწილი მორუხო-მურაა, თეთრი წინწკლებით, განსაკუთრებით კისრის ქვემო მხარეს. სხეულის მუცლის მხარე თეთრია, რომელზედაც აქა-იქ შეიძლება იყოს ფართო მურა ფერის ლაქა. სხეულის გვერდები, ზურგი და კუდის ზედა ბუმბულები მუქი მურა ან თითქმის შავია.მხრის, ბეჭების, ფრთის ზემო მფარავი ბუმბულები და მეორე რიგის მომქნევები მოცისფრო-მურაა, ბრინჯაოსფერი ანარეკლით, მაგრამ ყოველ ბუმბულს კიდეებზე ფართო მოლურჯო-შავი არშიები აქვთ, რაც სხეულის ზურგის მხარეს ქერცლოვან სახეს აძლევს. პირველი რიგის მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა-შავია. გამრავლების დროს კეფაზე წაგრძელებული შავი ბუმბულები პატარა ქოჩორს წარმოქმნიან. საჭის ბუმბულების რიცხვი 14 ან 16-ია.
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ატლანტური დიდი ჩვამა – Ph. c. sinensis Shaw et Nodder, 1801.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, აზიას, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. სსრ კავშირში ბუდობს. კოლის ნახევარკუნძულზე, კასპიისა და შავ ზღვებზე, დიდი მდინარეების მეშვეობით იჭრება ქვეყნის სიღრმეშიც, აგრეთვე ყაზახეთისა და დასავლეთი ციმბირის ტბებზე. მდ. ობის აღმოსავლეთით და მდ. ენისეიზე არ არის, მაგრამ არის ბაიკალზე, ამურსა და სამხრეთ ზღვისპირეთში. საკმაოდაა შუა აზიის ტბებზე. ჩვენში ზამთრობს შავ და კასპიის ზღვებზე. საქართველოში მობინადრეა, მაგრამ ზამთარში მათ ემატება სხვა ადგილებიდან მოფრენილნიც.
ბიოტოპი
ბინადრობს თევზით მდიდარ დამდგარ ან მდორე წყალსატევებზე, სუფთა წყლითა და ტყიანი, ხშირად კლდოვანი ნაპირებით ან კარგად განვითარებული ლელითა და სხვა წყლის მცენარეულობით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ბუდობს კოლონიებად. ბუდეები განლაგებულია ლელიანში ან ხეებზე, კლდეზე და ა. შ. ბუდის ასაგებად იყენებს წყლის მცენარეებს, ხის წვრილ ტოტებს, წნელებს და სხვ. აპრილში დებს 3–5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 23 24 დღეს გრძელდება. მართვეები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველნი. ისინი ორი კვირის შემდეგ იფარებიან მოშავო ფერის ღინღლით. მშობლები მათ კვებავენ 2 თვის ასაკამდე. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში.
კვება
წყალთან დაკავშირებულია მხოლოდ კვების დროს. საკვებს შეადგენენ თევზები, რომელთაც იჭერს ცურვითა და ყვინთვით. თევზებზე ნადირობა ხშირად გუნდურად მიმდინარეობს, ზოგჯერ – ვარხვებთან ერთად.
მნიშვნელობა
სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, თევზების განადგურებით არსებითი ზიანის მოტანა შეუძლია. თვითონ ფრინველი, დაბალი ღირსების ხორცის გამო, საკვებად არ გამოიყენება.