კოზლოვი პეტრე
პეტრე კოზლოვი – (რუს. Пётр Кузьми́ч Козло́в, 1863 - 1935), რუსი მოგზაური, სამხედრო გეოგრაფი, ეთნოგრაფი, არქეოლოგი, მონღოლეთის, ტიბეტისა და სინძიანის მკვლევარი.
კოზლოვი იყო დიდი რუსი მოგზაურის ნ. მ. პრჟევალსკის მოწაფე, პრჟევალსკის სახელს უკავშირდება მისი პირველი მოგზაურობა 1883 წელს. „ამ ექსპედიციასთან ერთად კოზლოვმა განივად გადაჭრა გობი, იმოგზაურა ტიბეტის ჩრდილო განაპირა მხარის გასწვრივ და მდინარე ტარიმის აუზში. 1888 წელს კოზლოვმა მონაწილეობა მიიღო ნ. მ. პრჟევალსკის მეხუთე ექსპედიციაში, პრჟევალსკის გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციის დასაწყისშივე მისი ხელმძღვანელობა იკისრა პოლკოვნიკმა პევცოვმა, რომელთან ერთად კოზლოვმა 1889-1891 წლებში ინახულა ტიბეტის ჩრდილო ნაწილი, აღმოსავლეთი თურქესტანი და ჯუნგარია. ამ ექსპედიციის დროს კოზლოვმა მოაწყო მთელი რიგი გეოგრაფიული ექსკურსიებისა და შეკრიბა ძვირფასი ზოოლოგიური კოლექცია. ამ მუშაობისათვის რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ იგი პრჟევალსკის სახელობის მედლით დააჯილდოვა. 1893 წელს რობოროვსკისთან ერთად პ. კ. კოზლოვი გაემართა ახალ ექსპედიციაში ნან-შანისა და ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონების გამოსაკვლევად. ეს ექსპედიცია, მისი უფროსის რობოროვსკის ავადმყოფობის გამო, დასრულებულ იქნა კოზლოვის ხელმძღვანელობით (1895 წ.).
1899-1901 წლებში შედგა ტიბეტის ახალი ექსპედიცია. კოზლოვმა გამოიკვლია სრულიად უცნობ ტომთა ცხოვრება, რომლებიც მდინარეების ხუან-ხეს, იანძიძიანის და მეკონგის სათავეებთან იყვნენ დასახლებულნი. ამ ექსპედიციის დროს კოზლოვი შევიდა თითქმის გამოუკვლეველ მაღალმთიან ალპურ ქვეყანაში, სახელად კამი, რომლის ზედაპირი მეტისმეტად დანაწევრებულია. ამ ქვეყანაში მოგზაურობას დიდი სიძნელეები ახლდა თან, არა მარტო იმიტომ, რომ იგი მოითხოვდა მთელი ძალ-ღონის დაძაბვას ქვეყნის დანაწევრებული ზედაპირის დასაძლევად, არამედ იმიტომაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მეტად უნდობლად ეპყრობოდა მოგზაურთ და მტრულადაც ექცეოდა მათ. აქ პ. კ. კოზლოვმა აღმოაჩინა აქამდე ევროპელთათვის უცნობი ქედი, რომელსაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ქედი უწოდა. ეს ქედი თვალუწვდენელ კედლადაა გადაჭიმული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ 700 კილომეტრის სიგრძეზე და იანძიძიანისა და მეკონგის შორის წყალგამყოფს წარმოადგენს. 1899-1901 წლების მოგზაურობა კოზლოვმა აღწერა თხზულებაში „მონღოლეთი და კამი“, რომელიც გამოსცა რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ. ამ შრომისათვის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ კოზლოვი კონსტანტინეს ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1907 წელს კოზლოვი გაემართა ახალ ორწლიან ე. წ. „მონღოლეთ-სიჩუანის ექსპედიციაში“ იმ მიზნით, რომ გამოეკვლია შუა და სამხრეთ მონღოლეთი, შეესწავლა კუკუნორის ოლქი და ჩრდილო-დასავლეთი სიჩუანი. ამ ექსპედიციის დროს, გარდა მდიდარი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციისა, შეკრიბა შესანიშნავი ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელიც შედგებოდა ბუდას კულტისა და ჩინეთის ძველი დროების დამახასიათებელი საგნებისაგან. იაძინ-გოლის ხეობაში კოზლოვი წააწყდა „მკვდარ ქალაქს“ – ხარახოტოს (სი-სია),) რომლის ნანგრევებში იპოვეს ძველი დროის ბევრი ნივთი – ძველი წიგნები, დახვეული ქაღალდები, სურათები, პაწია ქანდაკებანი, ქაღალდის ფული, საოჯახო ნივთები და სხვ. ეს მოგზაურობა კოზლოვმა აღწერა შრომაში „მონღოლეთი-სიჩუანის ექსპედიცია რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა 1907-1909 წლებში“. გეოგრაფიულმა საზოგადოებამ კოზლოვი, მისი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად თავის საპატიო წევრად აირჩია (1910 წელს). თითქმის ამავდროულად ინგლისისა და იტალიის გეოგრაფიულმა საზოგადოებებმა კოზლოვი დიდი ოქროს მედლებით დააჯილდოვეს. ამის შემდეგ კოზლოვი არჩეულ იქნა უნგრეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრად.
1923 წელს პ. კ. კოზლოვმა ახალი ექსპედიცია მოაწყო, რომლის დროსაც მან ინახულა ჩრდილო მონღოლეთი, მდ. ტოლის აუზი, ხან-ხაი, მონღოლეთის ალტაი. და ზარა-ხოტოს რაიონი. ექსპედიციამ შეკრიბა მდიდარი საბუნებისმეტყველო კოლექციები: დაახლოებით 13000 მწერი, 800 ფრინველი, დიდი ჰერბარიუმი, თევზებისა და ქვეწარმავალთა კოლექციები. 1926 წელს კოზლოვი. დაბრუნდა სამშობლოში. 1927 წელს მან მოხაზა ახალი ექსპედიციის პროექტი ცენტრალური აზიისათვის, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება მან ვერ შეძლო. 1935 წლის 26 სექტემბერს, 72 წლის ასაკში, პ. კ. კოზხლოვი გარდაიცვალა.