პენკი ალბრეხტ
ალბრეხტ პენკი – (გერმ. Albrecht Penck, 1858-1945), გერმანელი გეოლოგი და გეოგრაფი.
თოთხმეტ წელიწადზე მეტ ხანს აწარმოებდა საველე გამოკვლევას საქსონიასა და გერმანიის ალპებში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პენკმა ევროპის უძველესი გამყინვარების საკითხს. მან შეისწავლა ამ მოვლენის კვალი შვეიცარიის, ავსტრიისა და გერმანიის ალპებში, პირენეებსა და შოტლანდიაში. ამ დარგში კვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მან დაწერა სამტომიანი შრომა: „ალპები გამყინვარების პერიოდში“, რომელიც დაიწერა გეოლოგ ბრიუკნერთან თანამშრომლობით (1908 წ). ამ შრომაში პენკმა დაადგინა ალპების გამყინვარების ოთხი ეპოქა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო სამი პერიოდით, რომელთა განმავლობაში ჰავა უფრო თბილი იყო და ყინულიც საგრძნობლად იკლებდა. გამყინვარების ეპოქის სახელწოდება, რომელიც შემოიღო პენკმა და ბრიუკნერმა (გიუნცი, მინდელი, რისი და ვიურმი), მტკიცედ დაინერგა გეოლოგიისა და გეოგრაფიის მეცნიერებაში. პენკმა გამოარკვია, რომ მყინვარების განვითარების მიზეზი იყო არა ატმოსფერული ნალექების რაოდენობის ზრდა, არამედ ტემპერატურის საერთო დაწევა.
გარდა ზემოთ დასახელებული შრომისა, პენკის კალამს ეკუთვნის შემდეგი შრომები: 1) „დედამიწის ზედაპირის მორფოლოგია“; 2) მთელი რიგი, შრომები უდაბნოთა მორფოლოგიის შესახებ; 3) გერმანიის, ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის მკვეთრი ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება კოლექტიურ ნაშრომში „ევროპის დედამიწისმცოდნეობა“, რომელიც გამოვიდა პროფესორ კირხჰოფის რედაქციით. პენკმა სერიოზული ყურადღება მიაქცია ლანდშაფტის პრობლემასაც.
პენკს ეკუთვნის აგრეთვე კლიმატების მორფოლოგიური კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს კლიმატის დაყოფა ჯგუფებად მოცემული კლიმატის ეგზოგენურ პროცესებზე და რელიეფის ფორმებზე გავლენის მიმართებაში. ა. პენკის აზრით შეიძლება გამოიყოს – ჰუმიდური, არიდული და ნივალური კლიმატები, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ქვეჯგუფებად.