გვრიტჩიტასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:01, 7 აპრილი 2025-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვრიტჩიტასნაირნი (ლათ. Pterocletiformes) − ფრინველთა რიგი. გვრიტჩიტასნაირთა რიგი აერთიანებს საშუალო, დაახლოებით მტრედისოდენა ფრინველებს. წონა მერყეობს 300-დან 500 გ-მდე. დამახასიათებელია მოკლე, მაგრამ შედარებით მსხვილი ნისკარტი, ვიწრო, ნაპრალისებური ნესტოები, რომლებიც დაფარულია შემოსილი კანის ნაკეცით. სხეული მკვრივია, ძლიერ განვითარებული მკერდის კუნთებით; თავი – პატარა, კისერი – მოკლე, ფრთები გრძელი და მახვილი, კუდი – საფეხუროვანი და ხშირად წაწვეტებული. ფეხები მოკლეა, გალო წინიდან თითებამდეა შემოსილი, ხოლო უკანა მხრიდან მრავალკუთხა ფირფიტებითაა დაფარული. უკანა თითი სუსტადაა განვითარებული, ზოგს იგი სრულიად არა აქვს.

ბუმბულსაფარველი მჭიდროა და ხშირი, მაგრამ კანში სუსტადაა ჩამაგრებული, განსაკუთრებით ზურგის მხარეს. შეფერილობაში ჭარბობს უდაბნოსათვის დამახასიათებელი – მოყვითალო, ქვიშისფერი, ჟანგმიწისფერის ნარევები. მამლები ჩვეულებრივად გამოირჩევიან დედლებისაგან მკვეთრი შეფერილობით, ხოლო ასაკობრივი ცვალებადობა უმნიშვნელოა. მომქნევები და საჭის ბუმბულები მაგარია. პირველი რიგის მომქნევი 10-ია. გარდა ამისა, პირველი ნამდვილი მომქნევი რუდიმენტულია და ფრთის მფარავების ქვეშაა დამალული. საჭის ბუმბულები ჩვეულებრივად 16, ზოგჯერ 14-ია. კონტურულ ბუმბულებს აქვთ სუსტად განვითარებული ღერო. კუდუსუნის ჯირკვალი შეუმოსავი და რუდიმენტულია. ღინღლი განლაგებულია მხოლოდ აპტერიებზე.

გვრიტჩიტასნაირნი მშრალი ლანდშაფტის, უპირატესად მობინადრე ან ნახევრად მობინადრე ფრინველებია, დღის ცხოვრების ნირით. ფრენენ სწრაფად და მკვეთრად, მაგრამ სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწაზე ატარებენ, ხეზე არასოდეს სხდებიან, დადიან ან დარბიან მოკლე ნაბიჯებით და სწრაფად. გამრავლების დროს და განსაკუთრებით გამრავლების შემდეგ ცხოვრობენ გუნდებად.

იკვებებიან უდაბნოებისა და ველების მცენარეთა თესლებით, რომელთაც კენკავენ მიწაზე. რეგულარულად სვამენ წყალს, რისთვისაც ხშირად დიდ მანძილზე უხდებათ გადაფრენა, მაგრამ წყლიდან ძალიან შორს არ ბუდობენ, რათა შეეძლოთ მართვეებისათვის ჩიჩახვით წყლის მოტანა. ამიტომაა, რომ უწყლო უდაბნოების სიღრმეებში არ გვხვდებიან.

გამრავლებას შედარებით გვიან იწყებენ. ბუდობენ უპირატესად კოლონიებად. ბუდეს არ აკეთებენ, არამედ კვერცხებს დებენ მიწის პატარა ჩაღრმავებაში. დებენ 2-4 კვერცხს. კრუხად სხდებიან ორივე სქესის ფრინველები. საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით ერთ თვემდე გრძელდება. ემბრიონული განვითარება წიწილოვანი ტიპისაა. პოსტემბრიონული განვითარება შედარებით სწრაფად მიმდინარეობს.

სახეობების უმრავლესობას წელიწადში ერთი სრული განგური აქვთ, ზოგიერთებს (მაგალითად, თეთრმუცელა გვრიტჩიტას) – გამრავლებისწინა ნაწილობრივიც. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში პირველ წელსვე ვლინდება.

გვრიტჩიტასნაირებს ზოგიერთი ავტორი მტრედისნაირთა რიგში აერთიანებს ქვერიგის რანგით, უმრავლეს შემთხვევაში კი განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ რიგს, რომელშიც გამოყოფენ ერთ ოჯახს, 2 გვარითა და 16 სახეობით.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები