მტრედისნაირნი
მტრედისნაირნი (ლათ. Columbiformes) − ფრინველთა რიგი. რიგში გაერთიანებულია საშუალო ზომის ფრინველები. მხოლოდ გვირგვინოსანი მტრედებია შედარებით დიდები. სსრ კავშირში გავრცელებული მტრედისნაირებიდან ყველაზე დიდია ქედანი. იგი 500 გ-მდე იწონის. მტრედისნაირებს სხეული მკვრივი აგებულებისა აქვთ, თავი – პატარა, კისერი – მოკლე, ფრთები ჩვეულებრივად – მახვილი და გრძელი. კუდი საშუალო სიგრძის და მომრგვალებულია. ფეხი ოთხთითიანია. თითები გრძელია და ბოლოვდებიან მოკლე, მაგრამ მძლავრი ბრჭყალებით. უკანა თითი კარგადაა განვითარებული. გალო წინა მხრიდან დაფარულია ფარებით. გვერდებიდან და უკანა მხრიდან რქოვანი საფარველი ბადებრივია. გალო წვივთან შესახსრების მიდამოებში ზოგჯერ შემოსილია. ნისკარტი მოკლე, შედარებით წვრილი და ბოლოში გამობერილია. ნისკარტზედაზე ვიწრო ნაპრალისებური ნესტოები რბილ კანში – ცვილანაში იხსნებიან. ბუმბულსაფარველი ხშირი და მჭიდროა, მაგრამ ბუმბულები ადვილად ცვივათ, რადგან კანი თხელია. შეფერილობა ჩვეულებრივად რუხი ან მურაა, ნაირგვარი ანარეკლით, ზოგჯერ მკვეთრი ფერის.
პირველი რიგის მომქნევები 10-11-ია. საჭის ბუმბული – 12-20. შე- ფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული ან იგი მეტად სუსტია, მაგრამ ჩვეულებრივად მამლები დიდებია დედლებზე.
მტრედისნაირნი მეტწილად მეხეური, ნაწილობრივ მიწიერი ფრინველებია და ახასიათებთ დღის ცხოვრების ნირი. ბუდობენ ხეებზე, ბუჩქებზე ან კლდეებსა და შენობებზე. გარდა გამრავლების პერიოდისა, ცხოვრობენ გუნდებად. სახეობების უმრავლესობა გავრცელებულია ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ქვეყნებში. უპირატესად მობინადრენია, თუმცა არიან გადამფრენი ფორმებიც. ზომიერ კლიმატურ ზონაში მცირერიცხოვანია და ჩრდილოეთით ტყის ზონას არ სცილდებიან. ზოგიერთი სახეობა გავრცელების ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია, თუმცა მათი ზამთრობის ადგილები ჩვეულებრივად დიდად არაა დაშორებული ბუდობის ადგილებიდან. მტრედისნაირნი კარგად ფრენენ და ასევე კარგად მოძრაობენ მიწაზე, მაგრამ დარბიან ცუდად. ფრენისას დამახასიათებელია სწრაფი და მკვეთრი მიხვევ-მოხვევის უნარი. მიწიდან აფრინდება ადვილად და ხმაურით.
მტრედისნაირნი მონოგამიური ფრინველებია და ქმნიან საკმაოდ მყარ წყვილებს. გამრავლების დროს ახასიათებთ ღუღუნი. სხვა დროს ჩუმად არიან. გამრავლება იწყება მარტ-აპრილში ან ცოტა მოგვიანებით. ხმელი ტოტებისაგან აკეთებენ მარტივ ბუდეს, ამონაფენის გარეშე. დებენ 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-30 დღემდე გრძელდება. წელიწადში მრავლდებიან 2-3-ჯერ. იჩეკებიან უმწეო, ბრმა და თმისმაგვარი ღინღლით დაფარული ხუნდები. პირველ ხანებში მშობლები კვებავენ მათ ე. წ. „მტრედის რძით“, რომელსაც გამოჰყოფს ჩიჩახვის ამ დროისათვის გასქელებული კედლების ეპითელი. მტრედების პოსტემბრიონული განვითარება საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.
მტრედისნაირთა საკვებს შეადგენენ ნაირგვარი მცენარეთა თესლები, ნაწილობრივ – მცირე ზომის უხერხემლო ცხოველები. აქვთ აგრეთვე წყლისადმი დიდი მოთხოვნილება. წყალს სვამენ თავაუღებლად, შეწოვით.
მტრედისნაირები სპორტული სანადირო ობიექტებია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ. სახლში ამრავლებენ საფოსტო მტრედებს სპორტული მიზნებისათვის და როგორც დეკორატიული ფრინველები. შინაური მტრედები უძველესი დროიდანაა ცნობილი, კერძოდ, ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში. შინაური მტრედის ყველა ფორმა წარმოშობილია გარეული მტრედისაგან.
მტრედისნაირნი გავრცელებული არიან მსოფლიოს ყველა ნაწილში, გარდა არქტიკისა და ანტარქტიდისა. რიგი შეიცავს მხოლოდ ერთ ოჯახს.