ბუსნაირნი
ბუსნაირნი (ლათ. Strigiformes) − ფრინველთა რიგი. ბუსნაირნი აერთიანებს უპირატესად საშუალო სიდიდის ფრინველებს, თუმცა მათ შორის არიან დიდი ზომისანიც, რომელთა წონა 2,5-3 კგ-ს აჭარბებს (ზარნაშო) და პატარა ზომის ფრინველებიც, რომელთა წონა 50-60 გ-ს არ აღემატება (ბუკნაჭოტი). რიგი ხასიათდება გამოკვეთილი მორფოლოგიური და ეკოლოგიური ნიშნებით, რომლებითაც ადვილად გამოირჩევიან სხვა ფრინველებისაგან. პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს დიდი ზომის თვალები, რომლებიც სახის წინა ნაწილშია განლაგებული და წინ არიან მიმართული. თვალების ირგვლივ ბუმბულები კონცენტრიულად არის განლაგებული. ისინი შუბლის, ყურებისა და ყელის ბუმბულებისაგან მოკლე და მჭიდრო ბუმბულებით არიან გამოყოფილი და წარმოქმნიან ე.წ. სახის დისკოს. ზოგიერთ სახეობას კეფის ორივე მხარეს აქვთ წაგრძელებული, ე. წ. „ყურების“ ბუმბულების კონები. დანარჩენი ბუმბულსაფარველი, სახეობების დიდ უმრავლესობაში, რბილი და ფაშარია.
ბუსნაირებს ფრთები ძალიან ფართო აქვთ. პირველი რიგის მომქნევთა რიცხვი 11-ია; ამასთან პირველი მომქნევი ჩვეულებრივად რუდიმენტულია და ისე პატარაა, რომ დიაგნოზის დროს მხედველობაში არ მიიღება. კუდი მოკლე და მომრგვალებულია, შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. ნისკარტი მოკლე და მკვეთრად მოხრილია. მძლავრი თათი შეიარაღებულია მოკაუჭებული ბრჭყალებით. გარეთა თითს შეუძლია უკან შებრუნება. ეს შესაძლებლობას აძლევს ფრინველს მაგრად ჩაავლოს თათი ნადავლს და სწრაფად მოაკვდინოს იგი.
ბუსნაირებისათვის მკვეთრი შეფერილობა არაა დამახასიათებელი. უმრავლეს შემთხვევაში ვხვდებით რუხ, მურა, მოქარცისფრო, მოშავო ფერების ნარევს. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში უმნიშვნელოდაა გამოხატული. იგი უფრო კარგად ჩანს სიდიდეში, დედლები უფრო დიდებია მამლებზე.
ბუების უმრავლესობას ღამის ან ბინდის ცხოვრების ნირი ახასიათებთ; არიან დღის ფრინველებიც. ღამის ცხოვრებისადმი შეგუება იმითაა გამოხატული, რომ გარეთა ყურის ხვრელი მეტად ფართოა, ხოლო მხედველობა − მახვილი. თვალების მოძრაობა არ შეუძლიათ, მაგრამ უნარი აქვთ თავი 270°-ით შემოაბრუნონ, რითაც ფრინველი აღწევს არა მარტო მხედველობის არის გადიდებას, არამედ სხვადასხვა მხრიდან ბგერების აღქმასაც. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკვების მოპოვებისათვის. ღამით ნადირობის დროს ხელსაყრელია უხმაურო ფრენაც, რასაც აღწევს რბილი ბუმბულსამოსელის წყალობით.
ბუსნაირები ზოოფაგი ფრინველებია. მათი დიდი უმრავლესობა იკვებება პატარა ზომის ძუძუმწოვრებით, უპირატესად — თაგვისებური მღრღნელებით. ზოგჯერ იჭერენ ფრინველებს, ხვლიკებს, ბაყაყებს. ზოგიერთი დასპეციალებულია მხოლოდ მწერების მოპოვებაზე. არიან ისეთებიც, რომლებიც იკვებებიან თევზებით და კიბოსნაირებით.
მონოგამიური ფრინველებია. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად. უმრავლესობა ბუდეს არ აკეთებს, არამედ კვერცხებს დებს ფუღუროში, სოროებში, ნაპრალებში, მღვიმეში ან მიწაზე. კვერცხების რაოდენობა მერყეობს ერთიდან 14-მდე. თაგვისებური მღრღნელების მაღალი რიცხობრიობის წლებში, კვერცხების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება ერთსა და იმავე სახეობის ფრინველებშიც კი. კვერცხები თეთრი და სფერული ფორმისაა. კრუხობს მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 25-30 დღემდე გრძელდება. დიდი ზომის ზარნაშოს საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 35 დღემდე აღწევს.
ბუსნაირთა ემბრიონული განვითარება ბარტყოვანი ტიპისაა, იჩეკებიან თვალებაუხილველნი და ღინღლიანი. პოსტემბრიონული განვითარებაც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ბარტყები ტოვებენ ბუდეს ფრენის უნარის შეძენამდე. მათ კვებას განაგრძობენ მშობლები.
ჩრდილოეთის ფორმების უმრავლესობა გადამფრენია, ხოლო სამხრეთისა — მობინადრენი. ბუსნაირნი უამრავ მავნე მღრღნელებსა და მწერებს ანადგურებენ, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის. ზოგიერთი მათგანი თავს ესხმის სასარგებლო ფაუნის წარმომადგენლებს, მაგრამ დიდი ზიანის მოტანა არ შეუძლიათ მცირერიცხოვნობის გამო.
ბუსნაირთა რიგი შეიცავს 2 ოჯახს. საქართველოში მოიპოვება ერთი ოჯახის წარმომადგენლები.