ნიჟარაძე ალექსანდრე
ალექსანდრე ნიჟარაძე − (21.VII. 1932, თბილისი − 18.XII. 1991, მოსკოვი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987), 1950 დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (პედაგოგი ე. ჩერნიავსკაიას კლასი), 1956 – მოსკოვის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი გ. ნეიგაუზი). 1957-59 თბილისში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორი ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით. 1959-იდან პედაგოგიუე მუშაობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში (1967 − დოცენტი, 1982 − პროფესორი).
საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს 1956-იდან. საქართველოსა და სსრკ ქალაქებში, მოგვიანებით – საზღვარგარეთის ქვეყნებში (გდრ, პოლონეთი, უნგრეთი). 1960 ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა. ნიჟარაძის დაკვრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საშემსრულებლო კულტურით. რეპერტუარში ძირითადად ჰქონდა კლასიკური და რომანტიკული საფორტეპიანო ლიტერატურის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
გ. ტორაძე