სტატუსი (ზმნის)
სტატუსი – მდგომარეობა, ზმნის ფორმა, რომელიც ზმნის მიერ აღნიშნულ მოქმედებას წარმოგვიდგენს დინამიკურად ან სტატიკურად. ამის მიხედვით გვაქვს ორი სტატუსი, დინამიკური და სტატიკური. დინამიკური ფორმა აღნიშნავს მოქმედებას, პროცესს, სტატიკური – მდგომარეობას. ტერმინი სტატუსი დაამკვიდრა ა. შანიძემ. მისი აზრით, სტატუსი ვნებითი გვარის კატეგორიაა (დინამიკური ვნებითი – ეფინება, სტატიკური ვნებითი – აფენია).
სტატუსის კატეგორიას უფრო ფართოდაც განიხილავენ. იგი, გარდამავლობა-გარდაუვალობასთან ერთად, ქართული ზმნის ერთ-ერთ ძირითად საკლასიფიკაციო ერთეულად არის მიჩნეული (არნ. ჩიქობავა). ამ თვალსაზრისის მიხედვით, ქართული ზმნები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა – დინამიკურად და სტატიკურად. დინამიკური ზმნა შეიძლება იყოს გარდამავალიცა და გარდაუვალიც. სტატიკური ზმნა გარდაუვალია. გვარის თვალსაზრისით, სტატიკური ზმნები უგვარო ზმნებია და ამით უპირისპირდებიან დინამიკურ (მოქმედებითი და ვნებითი გვარის) ზმნებს.
დინამიკური და სტატიკური ზმნები გრამატიკული კატეგორიების წარმოების უნარის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. კერძოდ, დინამიკური ზმნა გრამატიკული შესაძლებლობათა სიმდიდრით გამოირჩევა,სტატიკური ზმნის ფუძის გრამატიკული შესაძლებლობანი კი შეზღუდულია, რაც სტატიკურობის ფორმალურ ნიშნადაა მიჩნეული (მ. სუხიშვილი). სტატიკურობის ნიშნად გამოყოფენ -ან სუფიქსს (მ. სუხიშვილი, შდრ. ი. ქავთარაძე, ლ. კიკნაძე), აგრეთვე ვარ მეშველ ზმნას (ქ. ლომთათიძე, მ. მაჭავარიანი). განსხვავებული თვალსაზრისის მიხედვით, სტატიკური ზმნის თავისებურებანი მისი სემანტიკითაა შეპირობებული და მას მორფოლოგიური ნიშანი არ გააჩნია (ვ. თოფურია, ლ. ნოზაძე, ბ. გიგინეიშვილი, ბ. ჯორბენაძე). ამდენად, ს. თანამედროვე ქართულში სემანტიკურ კატეგორიად უნდა შეფასდეს. დინამიკურობა და სტატიკურობა რთული სტრუქტურის ზოგადი გრამატიკული მნიშვნელობებია, რომელთა ენობრივი ტრანსფორმაცია საგულისხმო თავისებურებებს გვიჩვენებს გამოხატვის თვალსაზრისით. საკუთრივ სტატიკურობის შემადგენელ ელემენტებად შეიძლება გამოიყოს: პასიურობა, მიუმართავობა, განგრძობითობა, უნებლიობა, აგრეთვე, ნაწილობრივ, კუთვნილება და შედეგობა.
ფუნქცია უნდა ყოფილიყო სტატიკურად და დინამიკურად ზმნათა დაყოფის საფუძველი ძველ. ქართულშიც (ბ. ჯორბენაძე).
ნ. ლოლაძე
ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. – ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. I, თბ., 1950;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1951;
- ნოზაძე ლ. მედიოაქტივ ზმნათა წარმოების ზოგი საკითხი ქართულში. – „იკე“, XIX. თბ., 1974;
- ჯორბენაძე ბ. ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები, თბ. 1975;
- სუხიშვილი მ. სტატიკური ზმნები ქართულში, თბ. 1976;
- მაჭავარიანი მ. მოქმედების, პროცესის და მდგომარეობის ცნებების განსაზღვრისათვის, – „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები“, VI, თბ., 1981;
- გიგინეიშვილი ბ. ძველი ქართული ენის გრამატიკიდან. – „მრავალთავი“, XIV, თბ., 1987.