შიუკაშვილი ლევან
ლევან (ლეო) შიუკაშვილი – [25 მარტი 1908, ქ. ახალციხე – 5 იანვარი 2000 თბილისი), ქართველი მევიოლინე და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979).
1925 დაამთავრა თბილისის (პროფ. ვ. ვილშაუს კლ.), ხოლო 1933 – მოსკ. კონსერვატორია (პროფ. ა. იამპოლსკის კლ.). ეწეოდა მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მუსიკოსი (I ვიოლინო). 1927-იდან პედაგოგია, 1933-იდან თბილისის კონსერვატორიაში (1950-იდან პროფ.). სხვადასხვა დროს იყო სიმებიანი და სასულე საკრავების კათედრის გამგე (1945-47), საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი (1945- 52), ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე (1952-76). 1934-იდან პარალელურად მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ სამუსიკო ათწლედში. მისი მოწაფეები არიან ლ. ისაკაძე, გ. ხატიაშვილი, რ. გვასალია და სხვ.