გუბაზ I
გუბაზ I – ეგრისის მეფე, მოღვაწეობდა V საუკუნის 50-60-იან წლებში. იგი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს (450-458) და დახმარება სთხოვა ირანს, მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოუგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის წათესათვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინოპოლში ხლებოდა. ეგრისელმა მეფემ იმპერატორს ხელშეუხებლობის გარანტია მოსთხოვა და მისი მიღების შემდეგ ეწვია კონსტანტინოპოლს 465 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი უკვე ლეონ I იყო, გუბაზმა ბერძნები გააკვირვა თავისი ჩაცმულობით და მხლებლებით, იგი სპარსულად გამოწყობილიყო, ხოლო მცველები მიდიელთა წესზე ახლდნენ, მაგრამ გუბაზმა თავი დაიცვა მტკიცედ, მან მოხიბლა შემდგომში ბიზანტიელები თავისი მჭევრმეტყველებით და ქრისტიანული ნიშნების ტარებით. ამის შემდეგ მას კეთილგანწყობით მოეპყრნენ და სამშობლოში გამოისტუმრეს.