იდილია
იდილია − (ბერძნ. eidyllion – პატარა ლექსი) – ანტიკური ბუკოლიკური მსუბუქი, უდარდელი ცხოვრების სურათების ამსახველი მცირე ლექსი. იდილია ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ბერძენი პოეტის თეოკრიტეს ლექსების კრებულს. ამ ლექსთა უმეტესობა წარმოადგენდა პატარ-პატარა სცენებს, რომელთა მოქმედი პირები იყვნენ მწყემსები, გლეხები, ქალაქის დაბალი ფენების წარმომადგენლები. თეოკრიტეს მიმბაძველებმა უფრო მეტად ბუნების წარმოსახვა გააძლიერეს თავიანთ ნაწარმოებებში.
XIX საუკუნის დასაწყისში იდილია გვევლინება როგორც მცირე ფორმის პოეტური სურათი, წარმომსახველი სოციალური კონფლიქტებისაგან თავისუფალი ელემენტარული ადამიანური ურთიერთობისა, დადებითი მოქმედი პირებისა და რამდენადმე მაინც გაიდეალებული ყოფისა ამასთან, სიუჟეტის მდორე განვითარება ბედნიერებით მთავრდება არსებითად ასეთი გაგებით იხმარება იდილია დღესაც.
იდილიაში უმთავრესად ასახულია მშვიდი, უშფოთველი და უზრუნველი ყოფა, მხიარული დროსტარება ბუნების წიაღში, სიყვარულით ნეტარება და ა. შ. იდილია არსებითად წარმოდგენითი, ოცნებისეული, იდეალიზებული სურათების წარმოსახვით ხასიათდება.