მოთხრობა
მოთხრობა − საშუალო ფორმის ეპიკური ჟანრი, პროზაული ნაწარმოები. ნოველისაგან განსხვავებით მასში პერსონაჟის ცხოვრების მხოლოდ ერთი ეპიზოდი კი არ არის წარმოსახული, არამედ ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ მოთხრობის სიუჟეტი და კომპოზიცია უფრო რთული და მრავალმხრივია, ვიდრე ნოველისა. მაგრამ ყველაფერი ეს, აგრეთვე პერსონაჟთა რაოდენობაც, მოთხრობაში გაცილებით უფრო შეზღუდული სახით გვაქვს მოცემული, ვიდრე რომანში.
მოთხრობაში, ისევე როგორც რომანში, მწერალი შეიძლება ძირითადი პერსონაჟის მთელ ცხოვრებას წარმოსახავდეს; ოღონდ რომანში გმირის ხასიათის განვითარების ყველა ძირითადი ეპიზოდი სიუჟეტურ ქარგაში შედის, მოთხრობაში კი არა, მაგალითად, გ. წერეთლის რომანის „გულქანის"“ სიუჟეტი გულქანი ცხოვრების მთელ ისტორიას მოიცავს, რაც განაპირობებს მის მთლიან სახეობრივ წარმოსახვას. ე. ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდში“ კი თუმცა პერსონაჟების − სპირიდონ მცირიშვილისა და ტარიელ მკლავაძის − აღზრდაც არის მოთხრობილი, მაგრამ ეს წინაისტორიაა და არ შედის მოთხრობის სიუჟეტში, რომელიც იწყება სადგურ №-ზე სპირიდონისა და დესპინეს გამოჩენით.
ურთიერთისაგან განასხვავებენ მოთხრობის სახეებს: ისტორიულ, ავანტიურულ, სათავგადასავლო, ფანტასტიკურ, ყოფით და სხვა ისტორიულ ფორმებს.
ქართული კლასიკური მოთხრობის შექმნა დაკავშირებულია ი. ჭავჭავაძის სახელთან („კაცია ადამიანი?!“, „ოთარაანთ ქვრივი“…).