აწყურის ღვთისმშობელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აწყურის ღვთისმშობელი

აწყურის ღვთისმშობელი – როცა უზუნ-ასანი სამცხეს შემოესია და მერე აწყურს შემოადგა, უამრავი ქრისტიანი – მღვდლები, ბერ-მონაზვნები და ერისკაცები გაწყვიტა და ბევრიც დაატყვევა. აიყარა ყაენი და წავიდა თავის საყაენოში და თან დატყვევებული აწყურის ღვთისმშობლის ხატი წაიყვანა. და მივიდნენ თავის ქუეყანაში. უხატოდ დარჩენილ სამცხეში კი დიდი გლოვა და მწუხარება შეიქნა, დაობლდნენ მესხები. ადგნენ და ყველანი ქართლს გადაიხვეწენ და იქ მწირობდნენ შვიდ წელიწადს.

როცა უზუნ-ასანი მოტაცებული ხატითურთ საყაენოში დაბრუნდა, ხატმა უცხო ქვეყანაში ისეთი რისხვა დაატრიალა, რომ შეწყვიტა შობა დედაკაცმაც და პირუტყვმაც, არც ხემ გამოიღო ნაყოფი, არც მიწამ აღმოაცენა მცენარე. შეიქმნა დიდი გამოძიება, მაგრამ მიზეზი ვერა და ვერ გამოარკვიეს. ზოგი რას ამბობდა და ზოგი რას. ხოლო ბრძენმა კაცებმა ასე სთქვეს: „როცა საქართველო დავლაშქრეთ, მაშინ ერთი დიდი საყდრიდან ერთი ფიცარი, მდიდრულად და პატივით შემკული, ვნახეთ და წამოვიღეთო. და როცა მოვდიოდით, გზაში უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან: დაღამებისას ბარგის ყველაზე ღრმა ადგილას ჩავდებდით ამ ფიცარს, გათენდებოდა თუ არა, ამოვიდოდა სიღრმიდან და მზესავით ბრწყინავდაო. ეს საქმე უეჭველად მისგან დაემართებოდა ჩვენს ქვეყანასო. და თუ გინდათ ამ ჭირს გადავრჩეთ, მოვიძიოთ იგი და თავის ქვეყანაში გავგზავნოთო“. მაშინ დაუწყეს ძებნა ამ წმიდა ხატს, იპოვეს და ასე გადაწყვიტეს: მოდით, დავაკრათ გაუხედნავ კვიცზე და, თუ კვიცი იმ ქვეყნის გზას დაადგა, იცოდეთ, ამისგან დაგვმართნია ყველაფერი. ხოლო თუ სხვა გზით მიიქცეს, მაშინ სხვა მიზეზი ყოფილაო.

და როგორც კი დააკრეს ზურგზე უხედნელ კვიცს ღვთისმშობლის ხატი, კვიცი მყისვე საქართველოს გზას დაადგა და სამცხისკენ აიღო გეზი.

სამცხეს რომ მიუახლოვდა, განათდა იქაურობა. გადასახლებულმა მესხებმა რომ გაიგეს ხატის დაბრუნება, შეეგებნენ მას და თავადაც სამშობლოში დაბრუნდნენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები