კახიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 29 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კახიძე

კახიძე გიორგი — (1969), ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი — ბუნდოვანი. ამჟამად — საეკლესიო მორჩილი გიორგი. დაიბადა თბილისში. 1993 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 80-იან წლებში იყო ტერენტი გრანელის საფლავის მცველი და გრანელის დიდუბის პანთეონში გადასვენების შემდეგ, დიდი პოეტის ნასაფლავარი შეინარჩუნა იქ, მემორიალის დადგმით. 90-იან წლებში იბეჭდებოდა ჟურნალებში „რუბიკონი“, „მესამე გზა“ და სხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში... 1990 წელს მეგობარ პოეტებთან ერთად ჩამოაყალიბა - „ქართველ პოეტთა ორდენი — ქრონოფაგები“, რომელმაც მაშინ გამოსცა 2 პოეტური ერთობლივი კრებული... 2000-იანების დასაწყისიდან აქტიურად იბეჭდებოდა გაზეთ „ალტერნატივაში“ და ჟურნალ „აფრაში“, ასევე სხვადასხვა ლიტერატურულ და არტ-გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა დროს გამოცემულ „თანამედროვე ქართველ პოეტთა ანთოლოგიებში“.

2006-2012 წლებში იყო მულტიმედია არტჯგუფ „სტიგმატის“ დამფუძნებელი და რეჟისორი. გადაიღო სამოცდახუთი მინი-არტ ფილმი (კინო-პოეზია). იყო და ახლაც არის, მრავალი ცნობილი ლიტერატურული და არტ-საღამოს ავტორი, თანაავტორი და ინიციატორი. მუშაობდა ძირითადად ავანგარდული პოეზიის ჟანრში და პერფორმანსში. ბოლო 5-6 წელია, რაც ეკლესიად შედგა, წერს ძირითადად ქრისტიანული თემატიკის პოეტურ ნაწარმოებებს და აღარ მისდევს არტ-აქციონიზმს.


ეს ქანქარა-ქარი
ქარი, როგორც არხარი რქებით უტევს სახლებს,
ატორტმანებს, ახელებს მაღაზიებს, დახლებს;
ქარმა იცის ხმაურში მოფერებაც ზოგჯერ,
შლეგურ აურზაურში ამ სტრიქონებს მოგწერ.
მოგწერ, როგორ მიყვარდი ქარიშხლიან ღამით,
როგორ მენატრებოდა თუნდ მეხილე წამით...
და ქარებით მოსილი ღამე რთავდა ბორცვებს,
ჩუმ ტრფიალში მძინარეც ივარცხნიდი ძოწებს.
დალალებზე გეფრქვია ვარსკვლავური სევდა,
ქარბორბალა ღრიალით უკუნეთში მდევდა...
და ლოცვებში მოღლილი ქარაშოტმა მთელა,
მე მოგელი ნიადაგ, ქარბუქივით ვღელავ.
ქარი, ქარი — ქანქარა, ქრის ქურდულად რატომ?
მეც ქურდივით გიტაცებ ჩემს ფიქრებში, მარტო;
ყინვის ედელვაისად გაგეფურჩქნა ბაგე,
გულის ლაბირინთებში უშურველად გაქე!..
მე წარმტაცად მევლინა შენი ლაღი ქროლვა,
თვალებიდან გედინა ზურმუხტივით თოვა;
ისევ ამ თებერვალმაც დაიჩოქა მარტთან,
თრთვილის ცრემლებს დასტურად უანგაროდ გატან...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები