ჰაგიოგრაფია
ჰაგიოგრაფია − (ბერძ. άγιος — „წმინდანი“ და γράφω — „ვწერ“), საეკლესიო მწერლობის ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ეპიკური ჟანრი, რომელიც მოიცავს ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრება-მარტვილობის აღწერას, ამ ჟანრის თხზულებებს უმეტესად „მოწამის“ თანამედროვენი ან უახლოესი ხანის მოღვაწენი წერდნენ. ზოგჯერ ავტორები მოთხრობილი ამბების მონაწილენიც კი იყვნენ. ჰაგიოგრაფი მწერლები არ იფარგლებოდნენ მარტოოდენ წმინდანთა ცხოვრების აღწერით; ისინი ძალზე მდიდარსა და საინტერესო ცნობებს იძლევიან მაშინდელი კულტურული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ვითარების შესახებაც.
უმეტესი ნაწილი ჰაგიოგრაფიული ლიტერატურისა ანონიმურია, ხოლო ბევრი მათგანი − უთარიღო. არის შემთხვევები, როდესაც თხზულების პოპულარიზაციის მიზნით, ნამდვილი ავტორის ნაცვლად ესა თუ ის ცნობილი საეკლესიო პირია მოხსენებული.
ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებია: იაკობ ცურტაველის „მარტვილობაჲ შუშანიკისი“. იოანე საბანისძის „მარტვილობაჲ ჰაბოისჲ". გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაჲ გრიგოლ ხანძთელისაჲ“, ბესარიონ ზარზმელის „ცხოვრებაჲ სერაპიონ ზარზმელისაჲ“ და სხვ.