ნიშნიანიძე შოთა
ნიშნიანიძე შოთა − (დ. 18 მარტი, 1929, თბილისი – გ. 23 ივლისი, 1999, თბილისი), ქართველი პოეტი, ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1981-1984), საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1984-1986), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1984-1988), საქართველოს სსრ არაერთი მოწვევის დეპუტატი, შრომის წითელი დროშის ორდენის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის და ღირსების ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975).
დაიბადა 1929 წელს თბილისში, საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1960 წელს დაასრულა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსები. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი პოეტური კრებული სახელწოდებით „მე და შენ“ გამოსცა 1956 წელს.
ნახევარსაუკუნოვანი ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შოთა ნიშნიანიძეს გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების ოცდაათზე მეტი კრებული, მათ შორის აღსანიშნავია: „კაფე-თესე“ (1959), „ზეთისხილის რტო“ (1961), „მზე და ჩრდილი“ (1963), „ხილვები“ (1962), „მზე შუბის ტარზე“ (1970), „გადასახედი“ (1977), „ერთტომეული“ (1979), „ასი ლექსი“ (1993).
შოთა ნიშნიანიძის ნაწარმოებთა ყველაზე სრულ გამოცემად შეიძლება ჩაითვალოს თხზულებათა ორტომეული (გამომც. „საბჭ. საქართველო“, 1990-1991).
პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, იაპონურ, ჩეხურ და სხვა ხალხთა ენებზე.
შემოქმედებით მუშაობასთან ერთად შოთა ნიშნიანიძე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწევა; 1994 წელს აირჩიეს ცოტნე დადიანის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარედ; 1995 წელს ჟიული შარტავას სახელობის პრემია მიენიჭა.
1975 წელს შოთა ნიშნიანიძეს 1973-1974 წლებში გამოქვეყნებული ნაწარმოებებისათვის, რომლებიც შესულია წიგნში „ეპიკური ექო“ და ლექსების კრებულში სერიიდან „ხუთწლედის მხარდამხარ“, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
წყარო
- ქართველი პოეტები
- საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები
- სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- ნიშნიანიძეები