ენგური
ენგური (ასტელუფოსი) — მდინარე დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. ენგური სათავეს სვანეთში, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე, მყინვარ ენგურზე იღებს და შავ ზღვას სოფელ ანაკლიასთან ერთვის.მდინარის სიგრძე 213 კმ-ია, აუზის ფართობი 4060 კმ². მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა.
ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. როგორც თვით ენგური, ისე მისი შენაკადები მოედინებიან ვიწრო და ღრმა ხეობებში, ხშირ შემთხვევაში ადამიანისათვის ძნელად ან სრულიად გაუვალ ადგილებში. ენგური ტიპური მთის მდინარეა დიდი ვარდნით; მისი კალაპოტი ადგილ-ადგილ მოფენილია კლდის დიდი ლოდებით, რომლებიც წარმოქმნის წყალვარდნილებსა და მორევებს.
მდინარის ძველი სახელწოდებაა ეგური. სახელწოდება ეგური უკავშირდება ეგრი ტომის სახელს, რომლის განსახლების ძირითად რეგიონს ამ მდინარის ქვემო წელი წარმოადგენდა (ბერაძე თ., 1967: 140; ბერაძე თ., 2018: 32)