პეტროგლიფი
პეტროგლიფი - (Gk. petros da glyphē – „ქვა“, „კლდე“ და „ამოჭრა“, „ამოკვეთა“), გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებზე თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულება.
მრავალფეროვანია პეტროგლიფების შესრულების სტილი და ტექნიკა. პოლიქრომული - ფერადი მინერალური საღებავებით გამოყვანილი ცხოველთა და ადამიანთა კონტურული ან სილუეტური ნახატები; გრავიურული ნახატები და ბარელიეფები - ამოტეხვის, ან ამოკაწვრის მეთოდით მიღებული გამოსახულებები. მობილური ხელოვნების ამ ნიმუშებს ერთმანეთისაგან თემატიკა და შესრულების ტექნიკა განასხვავებს. თემატურად ნახატი შეიძლება იყოს რიტუალური, მემორიალური, ნიშნობრივი და, არც თუ ისე იშვიათად, შერეული, ანუ ურთიერთგადამკვეთი შინაარსის შემცველი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კლდის მხატვრობას მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა,თუმცა ამ მოსაზრების მწყობრად ჩამოყალიბებული განმარტება არ არსებობს.
თანამედროვე ცივილიზაციამ დიდხანს არაფერი იცოდა უძველესი მხატვრობის შესახებ. საყურადღებოა, რომ XIX საუკუნის უდიდეს აღმოჩენათა შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი სწორედ ქვის ხანის მხატვრობა იყო. დღეს კი, თავისუფლად შეიძლება ითქვას,რომ პეტროგლიფების გეოგრაფია საგრძნობლად გაიზარდა და დედამიწის თითქმის ყველა კუთხე მოიცვა. თუმცა, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს აღმოსაჩენი და შესასწავლი.
პეტროგლიფები საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება. დღემდე მობილური მხატვრობის მსგავს ნიმუშებს ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა. ამიტომ, დავიწყებას მიეცა 1957-1959 წლებში ოთარ ჯაფარიძის მიერ, ზურტაკეტის ყორღანების გათხრების დროს, მიცვალებულთა დასაკრძალავი დარბაზების კედლებში ჩატანებული პეტროგლიფებიანი ქვების აღმოჩენის ფაქტი. ასეთივე ბედი ეწია, 1972 წელს, თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი მ. გაბუნია) აღმოჩენილ პატარა ხრამის პეტროგლიფებს, რომლებიც მათი უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მიუხედავად, დღეს უკვე განადგურების პირასაა მისული და გამოსახულებების მხოლოდ ნაწილის გარჩევაა შესაძლებელი.
საქართველოში პეტროგლიფების შესწავლისა და კვლევის ახალი, საკმაოდ აქტიური ეტაპი დაიწყო 2001 წლიდან, როდესაც ხევსურეთზე დოკუმენტური ფილმის გადაღების დროს ყურადღება მივაქციეთ შატილისა და კისტანის კოშკების კედლებზე ამოკვეთილ ნიშნებს. ფილმის ჩვენებისთანავე გამოსახულებების კვლევა ცალკეული მეცნიერებისა და ენთუზიასტების ინტერესის საგნად იქცა.