ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ახმაჯის სასაფლაოზე
ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ახმაჯის სასაფლაოზე - ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს ნახევარწრიული, შვერილი აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. აბსიდის ჩრდილოეთ მხარეს ერთი თაღოვანი ნიშაა. კონქი სფერულია. აბსიდის იატაკი მოპირკეთებულია ოთხკუთხა ქვის ფილებით. საკურთხევლის წინ ერთსაფეხურიანი სოლეაა. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა. დასავლეთის საბრჯენი თაღი კუთხის პილასტრს ეყრდნობა. დარბაზი განათებულია ჩრდილოეთის თაღოვანი სარკმლით.
ამავე კედელშია გაჭრილი არქიტრავული შესასვლელი, რომლის თავზე ჩასმულ ფილაზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას დასავლეთიდან მიშენებული აქვს სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული წარმოადგენს ოთხკუთხა მასიური სვეტებით გახსნილ სივრცეს. მისი ნახევარწრიული თაღები მრგვალ სვეტებს ეყრდნობა. თაღები და სვეტები შირიმის ქვითაა ამოყვანილი.
ეკლესიის შელესილი ფასადები დაზიანებულია. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი, რომელიც ბევრგან აყრილია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა