ჩვეულებრივი ხალიანი მზიურა
ჩვეულებრივი ხალიანი მზიურა – Zeus laber Linne 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: მზიურასნაირნი
ოჯახი: ხალიანი მზიურების ოჯახი
სახეობა:ჩვეულებრივი ხალიანი მზიურა
თევზის სახეობა ხალიანი მზიურების ოჯახისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ზურგის ორი ფარფლი აქვს; აქედან პირველში 8 ქიცვიანი სხივია და გრძელი თასმებით ბოლოვდება, მეორე ფარფლი კი დაბალია და რბილი სხივებითაა აღჭურვილი. ანალური ფარფლის წინა განყოფილება ვიწრო და მაღალია, მასში ოთხი ქიცვიანი სხივია, ხოლო მეორე − გრძელი და დაბალია და მასში რბილი სხივებია. ანალური ფარფლები ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამოყოფილი არ არიან. მკერდის ფარფლები პატარაა და მომრგვალო ფორმისა. მის ქვეშ მოთაესებულია მუცლის, შედარებით დიდი ზომის, ფარფლები, ზურგის ტროპი და მუცლის წამახვილებული მხარე ორად განშტოებული ქიცვებითაა დაფარული. სხეული ძლიერ წვრილი ქერცლითაა აღჭურვილი. ხალებიანი მზიურა სიგრძით 55 სმ-ს, წონით 8 კგ-მდე აღწევს.
სხეულის შეფერილობა ღიაა, ზურგი მურა-მწვანე, ხოლო გვერდები – მოყვითალო. მკერდის ფარფლების უკან თითო მრგვალი შავი ხალი აქვს. მარჯვენა გვერდზე ერთი და მარცხენა მხარეზეც ერთი.
ხალიანი მზიურა პელაგური თევზია, რომელიც მცირე გუნდების სახით ბინადრობს. იკვებება წვრილი პელაგური თევზებით (სარდინით, ქარსალით და სხვ.) და უხერხემლო ცხოველებით, სახელდობრ, თავფეხიანი მოლუსკებით.
ინგლისის სანაპიროებში ქვირითს ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე ყრის. კვერცხი მსხვილია, დიამეტრი 1,9-2,1 მმ. ქვირითს ცხიმოვანი წვეთი აქვს, ხმელთაშუა ზღვაში ხალიანი მზიურას ქვირითი წყლის სიღრმეში ნაპოვნი იქნა გაზაფხულზე, მარტიდან მაისის ჩათვლით. ინგლისის არხში ხალიანი მზიურას ქვირითი მოპოვებული იყო წყლის ქვედა ფსკერული ფენებიდან. ლარვებიც პელაგური ცხოვრების ნირისაა. ხალიანი მზიურას ხორცი მეტად გემრიელია. ისინი უფრო ხშირად ხმელთაშუა ზღვაში გეხვდებიან.
გავრცელებულია ჩრდილოეთ ატლანტის ევროპული სანაპიროების წყლებში, მრავლადაა ხმელთაშუა ზღვაში, საიდანაც შემოდის შავ ზღვამი. წყნარ ოკეანეში გავრცელებულია მონათესავე სახეები.