გოჭალას გვარი
გოჭალას გვარი – Nemachilus Hasselt
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
თევზები ხლაკუნასებრთა ოჯახისა. თვალის ქვეშ წინა შუბლის ძვლის მიდამოში მაგარი ქიცვი არ აქვს, არც თავი აქვს გვერდებიდან შებრტყელებული. 6 ულვაშიდან 4 დინგის ბოლოზეა და ორი პირის კუთხეებშია მოთავსებული. ზურგის ფარფლი მოკლე ან ზომიერი სიგრძისაა, რომელშიაც 6-18 დატოტვილი სხივია. ის იწყება მუცლის ფარფლის დასაწყისის ცოტა წინ ან ოდნავ უკან. საცურავი ბუშტი ძვლოვან კაფსულშია მოთავსებული და გარდა ამისა მუცლის ღრუში მისი თავისუფალი ნაწილი ან არის ან არ არის. კუდის ფარფლი მოკვეთილი, მომრგვალებული ან ამოკვეთილია. ზოგჯერ ზედა ყბებზე კბილისებური წამონაზარდი აქვს. სხეული შიშველია ან ძლიერ წვრილი ქერცლით, ანდა წვრილი ქიცვებითაა დაფარული. ზურგის ფარფლის უკან ზოგჯერ კანის ტროპი აქვს.
მრავალი სახეობაა აზიაში ორი – ევროპაში და ერთი – ეთიოპიაში, საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია სამი სახეობა.