აბაზაძე ელენე
აბაზაძე [ჟივიძისა], ელენე ალექსანდრეს ასული (1900, 8/VII –) – მსახიობი. დაიბადა თბილისში. მამა სატყეოს უფროსი იყო, დედა – დიასახლისი. პირველდაწყებითი განათლება გორში მიიღო. დაამთავრა თბილისის III ქალთა გიმნაზია. მცირე ხანს გიორგი ჯაბადარის სათეატრო სტუდიაში მეცადინეობდა. მოწაფეობის დროსვე, 1914 წელს, გიმნაზიის სცენაზე (გრიმსა და შესაფერ კოსტუმში) წაიკითხა „შეშლილის წერილები“. შემდეგ, ისევ მოწაფემ, გორში ითამაშა არტისტების – კლ. ჩერქეზიშვილის, ს. ივანიძისა და სხვათა მონაწილეობით დადგმულ „ორ ობოლში“ (ლუიზა). აქედან მან უკვე სათანადო ყურადღება მიიპყრო. მსახიობებმა და საზოგადოებამ ისე შეაქეს, სწავლას კინაღამ თავი დაანება. მსახიობებმა სცენაზე გასვლა ურჩიეს, მაგრამ მამამ სთხოვა, ჯერ სწავლა დაესრულებინა და მერე, რა დარგიც სურდა, ამოერჩია.
მისი პირველი ოფიციალური სადებიუტო გამოსვლა 1918 წელს, ოპერის თეატრში შედგა, შალვა დადიანის ხელმძღვანელობით („სინათლე“ – II ნაწ., ფერიათა დედოფალი). ამის შემდეგ მონაწილეობდა თბილისის სცენაზე, ოზურგეთის დროებით დასში (1920-1922), ბაქოში (1922-1923), სოხუმში (1923-1924), თბილისში, ოპერის თეატრში – „ქართველ მსახიობთა ამხანაგობა“ (1924-1925), ზესტაფონში (1925-1926), ზუგდიდში (1926-1927).
ოზურგეთში, ბაქოში, სოხუმში, ზესტაფონსა და ზუგდიდში, ადგილობრივი საზოგადოების სურვილით, პატივისცემის ნიშნად, სეზონში ერთხელ მისი საღამოები იმართებოდა.
ელენე აბაზაძის როლები
- თამარ („მეგობრობა“),
- კრუჩინინა („უდანაშაულოდ დასჯილნი“);
- ხანუმა („ხანუმა“);
- ქეთევან („სამშობლო“);
- ლუიზა, ფროშარი („ორი ობოლი“),
- ლია („ებრაელები“) და სხვა.
პიესები
ზესტაფონში, ოზურგეთსა და ზუგდიდში საკუთარი ხელმძღვანელობით დადგა საბავშვო პიესები
- „ყვავილთა შორის“ (ქართულ ენაზე) და
- «Победила» (რუსულ ენაზე).
1920 წლიდან მუშაობდა, როგორც ქართული ესტრადის მსახიობი. 1923 წლიდან ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრი იყო. 1937 წლის 1 მარტიდან თბილისის სახელმწიფო მუსიკალურ კომედიის თეატრში მიიწვიეს.
იყო მსახიობ სოსო ჟივიძის მეუღლე და ხუთი შვილის დედა.
წყარო: ავტობიოგრაფია