აბაშიძე გრიგოლ (გრიშა) დავითის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:00, 18 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბაშიძე, გრიგოლ (გრიშა) დავითის ძე (1866 – 1903, 9/III) – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, დეკლამატორი, აკაკის სკოლის მიმდევარი. დაიბადა შორაპნის მაზრის სოფ. დილიკაურში, თავადიშვილის ოჯახში. მამამისი განათლებული და მწერლობის მოყვარული იყო, მაგრამ ხელმოკლე. გრიგოლმა წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ნ. ი. მართან და გ. მ. ლასხიშვილთან ერთად საკუთარი ხელნაწერი ჟურნალი ჰქონდა, სადაც პირველი ლექსი გამოაქვეყნა. შვიდი კლასის დასრულების შემდეგ, სიღარიბის გამო, გიმნაზიას თავი მიანება, სავექილო გამოცდა ჩააბარა და კერძო ვექილობას შეუდგა, თუმცა ეს ხელობა მას შემოსავლის წყაროდ არ ჰქონია, უფრო დაწიხლულთ, შეურაცხყოფილთ იცავდა.

ლექსების წერა 15 წლისამ დაიწყო. მისი პირველი ლექსი დათარიღებულია 1882 წლით. ლექსების ბეჭდვა დაიწყო გ. თირელის ფსევდონიმით, ჟურნალ „თეატრში“ (1885, № 11, 16; 1886, № 1, 8, 10, 27, 28, 33, 35, 37, 46, 49). 1893-1896 წლებში ილია ჭავჭავაძემ „ივერიაში“ მუდმივ თანამშრომლად მიიწვია. აქ გრ. აბაშიძემ, შროშანის და მენავეს ფსევდონიმებით, ორი წლის მანძილზე მრავალი ორიგინალური და ნათარგმნი ლექსი, პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შინაარსის წერილი თუ რეცენზია გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა „მოამბეში“ (1896, № 8, 9, 12; 1897, № 1, 3), „ჯეჯილში“ და სხვ. მისი რამდენიმე ლექსი რუსულად გადათარგმნა ს. ვ. ამირეჯიბისამ (Сборник стихов грузинских поэтов. – М., 1909). ხშირად მონაწილეობდა სალიტერატურო საღამოებსა და სცენაზედაც, როგორც საუცხოო დეკლამატორი. წერდა მოთხრობებსაც: „რა გრძნობაა?“ („ივერია“, 1894, № 83), „ელენე“ („ივერია“, № 127, 130).

ცნობილი იყო, როგორც მჭერმეტყველოქროპირი, როგორც დიდი მეხსიერების უნარით დაჯილდოებული, რაც მას დეკლამაციისას ხელს უწყობდა.

მაგალითად, ერთხელ, ერთ ოჯახში, დამსწრეთა თხოვნით აკაკიმ თავისი ახალი ლექსი ნაწერით წაიკითხა. ყველამ ტაში დაუკრა. იქვე დამსწრე გრ. აბაშიძემ ნაღვლიანად წარმოთქვა: უბედური კაცი ვარ, ძლივს ერთი რიგიანი ლექსი დავწერე და ეგეც პატივცემულს აკაკის მიუთვისებიაო. ყველა გაოცდა. აი, თუ არა გჯერათ, რომ ეგ ჩემი ლექსია, დიდი ხნის წინათ დაწერილიო და იქვე ზეპირად წარმოთქვა აკაკის ლექსი. გაოცება კიდევ უფრო გაიზარდა, აკაკის კინაღამ დამბლა დაეცა, ეს მე წუხელის დავწერეო. გრ. აბაშიძემ იქვე განმარტა: დამშვიდდით, ბატონებო, ეს ლექსი მართლაც საყვარელი აკაკისაა, წეღან ეგ რომ კითხულობდა, დავიზეპირეო.

გრ. აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ეროვნულ გამოსვლებში. 1895 წელს, რ. ერისთავის იუბილეზე ეროვნულ-სააგიტაციო ლექსით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 1900-იან წლებში, ილიაობას, ილია ჭავჭავაძის დღეობაზე ეროვნული დროშით და ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილ ქართველთა ცხენოსანი რაზმის თანხლებით მივიდა და საქართველოს ინტელიგენციის სახელით ილიას ალისფერი დროშა გადასცა.

დაუდგრომელი ცხოვრებისა და ხელმოკლეობის გამო სულიერად დასნეულებული, 1902 წელს, ქუთაისის საზოგადოებამ პეტერბურგის (ლენინგრადის) მწერალთა თავშესაფარში მოათავსა, სადაც 1903 წლის 9 მარტს გარდაიცვალა („ცნობის ფურცელი“, 1903, 12 მარტი, № 2094). დაიკრძალა იქვე – ვოლკოვის სასაფლაოზე, რუსეთის გამოჩენილი მწერლის ნ. კ. მიხაილოვსკის (1842-1901) გვერდით. მისგან მოშორებით დასაფლავებული არიან: ნ. შელგუნოვი (1824-32 1891), ბ. ბელინსკი (1811-1848), ნ. დობროლიუბოვი (1836-1861), დ. პისარევი (1840-1868) და ს. ნადსონი (1862-1887). საფლავის მოაჯირზე მიკრულ ფიცარს ეწერა: „Здесь покоится грузинский поэт князь Григорий Давидович Абашидзе“. შემდეგ დააწერეს: „Грузинский поэт Григорий Абашидзе“.

ბიქტორ აბაშიძემ (საქარელმა სახალხო პოეტმა) 1903 წელს გრ. აბაშიძის სიკვდილზე აკროსტიხი დაწერა (სავლე აბულაძის გახსენებით):

„გაზაფხულდა, მაგრამ შენთვის
რას აკეთებს მწვანე მდელო,
ია ჰყვავის, ბულბული სტვენს,
შენ ვეღარ გრძნობ, საყვარელო,
აბიბინდა საქართველო, აღარ უნდა ამას ქება“

გრ. აბაშიძის ფსევდონიმები იყო: გ. თირელი, მენავე, შროშანი.

სარჩევი

ცალკე გამოცემულია
  1. ლერმონტოვი, მიხეილ. მწირი / ლერმონტოვისა, გრ. დ. აბაშიძის ნათარგმნი. – ქუთაისი: ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა № 3, 1892. – 40 გვ.;
  2. თხზულებანი გრ. აბაშიძისა. – ნაწ. 1. – ქუთაისი, ქუთაისის ამხანაგობის გამოცემა № 16, 1901. – 366, VII გვ.;
  3. ლექსები: [ლირიკა და პოემები]. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – 199 გვ.
გამოქვეყნებულია
  1. ღმერთი დიდი არს ძლიერი: [ლექსი] // კვალი. – 1893. – № 6. – გვ. 7;
  2. აბაშიძე, გრ. აი გახედე ძირს ცისას!: [ლექსი] // ჯეჯილი. – 1895. – № 5. – გვ. 3-5;
  3. ველიჩკო, ვ. იმერეთში: [ლექსი]. (ვ. ველიჩკოდან) თარგმანი გრ. აბაშიძისა // მოამბე. – 1896. – № 8. – განყ. 1. – გვ. 21-22;
  4. ვიშ, რა დილაა, რა მშვიდი...: [ლექსი] // მოამბე. – 1896. – № 12. – განყ. 1. – გვ. 8;
  5. მთვარე ლოცულობს: [ლეგენდა] // ჯეჯილი. – 1896. – № 1. – გვ. 14-16;
  6. პლეშჩეევი, ა. აბა, ჰე, ძმებო! უშიშრად და მხნედ... (პლეშჩეევიდან) [ლექსი. თარგმანი] გრ. აბაშიძისა // მოამბე. – 1896. - № 10. – განყ. 1. – გვ. 97-98;
  7. ქ-ნო რედაქტორო! // კვალი. – 1896. – № 32. – გვ. 567;
  8. შილერი. გამოცანა: [თვალუწვდ სივრცეში კრავნი თეთრნი...” (შილერიდან) [იგავი. თარგმანი] გრ. აბაშიძისა // ჯეჯილი. – 1896. – № 4. – გვ. 30;
  9. გიორგი ერისთავის სახსოვრად: [ლექსი] // კვალი. – 1897. – № 3. – გვ. 42;
  10. ეჭვი განდგომილისა [ლექსი] // მოამბე. – 1897. – №3. – განყ. 1. – გვ. 69-70;
  11. მგოსნის ჩანგი [ლექსი] // მოამბე. – 1897. – № 1. – განყ. 1. – გვ. 89-90;
მის შესახებ
  1. დუტუ მეგრელი. გრ. აბაშიძე // ივერია. – 1903. – № 65;
  2. აკაკი. საოცარი ხსოვნა – მეხსიერება // თემი. – 1911. – № 7;
  3. აბაშიძე, კ. – ა) კოლხიდა. – 1912. – № 79; ბ) აბაშიძე, გრ. ლექსები: [ლირიკა და პოემები]. – ტფ.: ფედერაცია, 1936. – გვ. 5-16;
  4. ვართაგავა, იპ. პოეტი – მოქალაქე: გრ. აბაშიძის პოეზია, კრიტიკული ეტიუდი // გრდემლი: სალიტერატურო კრებული. – წ. I., განყ. 2. – ტფ.: გამოცემა ქართულ სიტყვა-კაზმულ მწერლობის საზოგადოებისა, 1912. – გვ. 63-124;
  5. ჟღენტი, გივი. გრ. აბაშიძე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1946. – № 15.

წყარო

  1. ივერია. – 1893. – № 280;
  2. კვალი. – 1893. – № 42; 1899. – № 21;
  3. აბაშიძე, კიტა. ცხოვრება და ხელოვნება. ჩვენი ახალგაზრდობა // მოამბე. – 1897. – № 7. – განყ. 2. – გვ. 25-51; № 10. – განყ. 2. – გვ. 54-96;
  4. ქართული თეატრის ამხანაგობა... // კვალი. – 1897. – № 46. – გვ. 819;
  5. აღაიანი, ბეგლარ (ახოსპირელი, ბ.). თავ. გრ. აბაშიძის გარდაცვალებაზე: (მისივე ლექსი გადაკეთებული) // კვალი. – 1903. – № 12. – გვ. 194;
  6. სიტყვა ნ. თავდგირიძისა // ცნობის ფურცელი. – 1903. – № 2107. – გვ. 3; 60-63;
  7. ხომლელი. კრიტიკული შენიშვნები (გრდემლი. სალიტერატურო კრებული. წიგნი 1) // შინაური საქმეები. – 1913. – № 6. – გვ. 11-13;
  8. ასლამაზიშვილი, ნიკო – ა) დავიწყებული პოეტის საფლავი // თეატრი და ცხოვრება. – 1924. – № 20; ბ) ლიტერატურა და ხელოვნება. – 1946. – № 24. – გვ. 3-4;
  9. ლასხიშვილი, გ. მემუარები (1885–1915). – ტფ., 1934. – გვ.: 4, 53, 84, 89, 93, 297;
  10. კლდიაშვილი, დავით. მოთხრობები. პიესები. მემუარები. – ტ. II / პ/მგ. რედ.: ს. კლდიაშვილი. – ტფ.: ფედერაცია, 1935. – გვ. 351;
  11. ნ-ძე, გ. გრ. აბაშიძე. ლექსები, პოემები, თარგმანები: [რეცენზია] // ლიტერატურული საქართველო. – 1936. – № 12. – გვ. 4;
  12. ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 30. – გვ. 4;
  13. გაბაშვილი, ეკ. მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე // ლიტერატურის მატიანე. – წ. 1-2. – 1940. – გვ.: 106, 186;
  14. ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია / გ. აბზიანიძის რედ. და წინსიტყვ.; ბიბლიოგრ. რედაქცია და საძიებლები თ. მაჭავარიანის. – ნაკვ. 2: 1877-1892. – თბ., 1941. – გვ.: 383, 391;
  15. ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ.: 469, 483, 491;
  16. Зандукели, М. Очерки по истории грузинской литературы XIX в. – Тб., 1941. – стр. 303;
  17. ბურთიკაშვილი, ა. ილიას სახლ-მუზეუმი საგურამოში // კომუნისტი. – 1951. – № 122.


წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები