კარჩხანა
კარჩხანა – Carassius carassius (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახისა. მალების რაოდენობა 31-33-ია. ხახის კბილები ერთმწკრივია და 4-4-ია. პირველ რკალზე (22) 23-33 ლაყუჩის ჩხირია. ქერცლი გლუვია. მუცლის აპკი პიგმენტებს მოკლებულია. ზურგის ფარფლი ზრდადასრულებულებს წვეროზე ოდნავ მომრგვალებული აქვთ. ზრდასრულ კარჩხანას კუდის ფარფლი სუსტად აქვს გამოკვეთილი. საცურავი ბუშტის უკანა ბოლო წაგრძელებული და ოვალური ფორმისაა. სხეული მაღალია. მისი სხეულის სიგრძეში (კუდის ჩაუთვლელად) 1,8-2,0-ჯერ თავსდება. მოიპოვება უმთავრესად ტბებში და ტბორებში. გვერდები მოწითალო ან ოქროსფერია, ხოლო ფარფლები მუქი წითელი კიდეებით. სიგრძით 500 მილიმეტრს და მეტსაც აღწევს.
პატარა ტბებში გვხვდება განსაკუთრებული ფორმა, რომელიც მცირე ზომის დაბალი სხეულის მქონეა.