ლუფარების ოჯახი
ლუფარების ოჯახი – pomatomidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორილასნაირნი
ოჯახი: ლუფარისებრნი
თევზების ოჯახი ქორილასნაირთა რიგისა. სხეული დაბალი, გვერდებიდან შებრტყელებული და ქერცლითაა დაფარული. კუდის ღერო მაღალია. თავი დიდი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ლაყუჩის სახურავის ძვლებზე ქიცვები და კაკვები არა აქვს. მხოლოდ ლაყუჩის წინა სახურავის ძვალი კიდეებზე ოდნავ ხერხისებურია. ლაყუჩთა აპკები ლაყუჩთშორის შუალედებთან შეზრდილი არ არის. პირი დიდია, ყბების წინა ძვლები გამოწევადია. ყბებეზე ერთ რიგად განლაგებული კბილებია, რომელთა შორის ზოგიერთები ეშვისებურია, მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების ქვევით სხედან. ზურგის ორი ფარფლი აქვს. პირველი, რომელშიც ქიცვიანი (ეკლიანი) სხივებია, მეორეზე საგრძნობლად მოკლეა. ანალური ფარფლი სიგრძით ზურგის მეორე ფარფლის თითქმის ტოლია.