ცქვრინი
ცქვრინი – Acipenser ruthenus Linnaeus, 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: ცქვრინი
ცქვრინი სხვა ზუთხისნაირი თევზებისაგან ადვილი გასარჩევია დიდი რაოდენობის გვერდითი მწკრივის ბალთისებური ქერცლებით (50-ზე მეტი) და ფოჩიანი ულვაშებით. თუმცა ფორეჯსაც თითქმის ასეთივე რაოდენობის ქერცლები და ფოჩიანი ულვაშები აქვს, მაგრამ ცქვრინს ქვედა ტუჩი წყვეტილი აქვს, ხოლო ფორეჯს კი – მთლიანი. დინგის სიგრძე თავისი სიგრძის 37-49% შეადგენს.
გავრცელება
ცქვრინი გავრცელებულია შავ, კასპიის და თეთრ ზღვებში და მათ შენაკად მდინარეებში. შავი და აზოვის ზღვებში შენაკადი მდინარეებიდან ცქვრინი მოიპოვება დუნაიში, დნეპრში, დონში, იშვიათად ყუბანში; იგი ყველგან მცირერიცხოვანია ერთეული ეგზემპლარები გვხვდება აზოვის ზღვაში. დასავლეთ საქართველოს მდინარეებიდან მცირე რაოდენობით მოიპოვება მდ. რიონში (დოც. არჩ. ჯანაშვილის ცნობებია მიხედვით). ცქვრინი კასპიის ზღვიდან იჭრება მტკვარში, მაგრამ იგი არ არის დამახასიათებელი საერთოდ ამიერკავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს მდინარეებისათვის. ცქვრინი ყოველწლიურად ტოფობს.
კვება
ლიფსიტები იკვებებიან წვრილი ჯაგრიანი ჭიებით – chironophidae-თი და მუმლის ჭუპრებით, მოზრდილები წვრილი მოლუსკებით, ღორტავებით და დღიურებით.
ეს თევზი მეტად საინტერესოა ტბებსა და გუბუებში მოშენების თვალსაზრისით. მას იჭერენ მცურავი ბადითა და დიდბადეებით, აგრეთვე ჩანგლებითა და სხვა მოწყობილობით. ცქვრინი, უმთავრესად ახლად დაჭერილი, იშვიათად იყიდება შეგრილებული და გაყინული სახით. განსაკუთრებით ძვირად ფასობს ვოლგისა და მისი შენაკადების ცოცხალი ცქვრინი. მისგან კონსერვებსაც ამზადებენ. ზოგჯერ შებოლვილი სახითაც მზადდება. ხორცის ცხიმის რაოდენობა 5,6-6,45%-ია, ხორცი გემრიელი და მაღალი ხარისხისაა.