ხმალა (თევზი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:24, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხმალა, შიმშერი – Xiphias gladius


ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სკუნბრიასნაირნი
ოჯახი: ხმალასებრნი
სახეობა: ხმალა

თევზის სახეობა ხმალას ოჯახისა. სხეული თითისტარისებურად წაგრძელებულია, ქერცლს მოკლებული და უხეში კანითაა დაფარული. ზედა ყბა მეტად წაგრძელებული და ხმლისებური ფორმისაა, რის გამოც ამ თევზს სახელიც ასეთი მიუღია (ხმალა), ქვედა ყბა მოკლეა. ზურგის ფარფლი პატარაა და ნამგლისებური ფორმისა. მასში წინა სხივები გრძელია, უკანა კი – მოკლე. მუცლის ფარფლები არა აქვს. ანალური ფარფლი ნახევრადმთვარისებური ფორმისაა და შედარებით დიდია. მკერდის ფარფლები ნამგლისებურია.

სხეული გვერდებიდან რამდენადმე შებრტყელებულია, ხოლო უკანა მხარიდან თითქმის მრგვალია. ზედა ყბა, რომელიც ხმლისებურად წინაა წაგრძელებული, ფართო ფირფიტას წარმოადგენს, თანდათანობით ვიწროვდება და ბლაგვი დაბოლოებით თავდება. ფირფიტის კიდეები ხერხისებრ წვრილად დაკბილულია და მახვილია, ფირფიტები დაგრძელებულ და სახეშეცვლილ ყბებითაა წარმოდგენილი, რომელთა შორის ზედა ყბა ძლიერ გრძელია. თვალები ზომიერია. მიგრაციები ახასიათებს, რაც უმთავრესად დაკავშირებულია თევზების გუნდების მოძრაობასთან, ვინაიდან ის მათ დაედევნება და ამ თევზებით იკვებება.

ხმალა საერთოდ მშვიდია, მაგრამ ზოგჯერ მეტისმეტად ცხარდება რაც, როგორც ფიქრობენ, გამოწვეულია მისი სხეულის პარაზიტების გააქტიურებით. ამ დროს ის ვეშაპსაც კი ესხმის თავს. ლიტერატურაში არის ცნობა იმის შესახებ, რომ ხმალას ზოგჯერ თავისი ხმალი გემის კედელში 11–45 სანტიმეტრის სიღრმეზე შეუმტვრევია.

ხმალა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ წყლებში. ზოგჯერ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში იჭრება. ასე, მაგალითად, 1956 წელს (მარტში) სოხუმის სანაპიროში მოპოვებულ იქნა 21 კილოგრამის წონის ხმალა, რომელიც მონტირებულია და ინახება აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, 1956 წლის ბოლოს ბათუმში მეთევზემ პ. ჩინივიხოვმა ჩასადგამ დიდ ბადეში იპოვა ხმალა, რომელიც შავ ზღვაში მეტად იშვიათად შემოდის. მისი სხეულის სიგრძე 190 სმ-ია, ხმლის სიგრძე 60 სმ და 22 კგ-ს იწონის. ამ თევზისაგან გაკეთებულია ფიტული, რომელიც საქართველოს მუზეუმს გადაეცა.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები